„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - მოპოვებული მტკიცებულებები და ინფორმაცია მიუთითებს, რომ უკრაინელი ჟურნალისტი მაქს ლევინი რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - მოპოვებული მტკიცებულებები და ინფორმაცია მიუთითებს, რომ უკრაინელი ჟურნალისტი მაქს ლევინი რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს

არასამთავრობო ორგანიზაციამ, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა მათ მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მოპოვებული მტკიცებულებები აშკარად მიუთითებს, რომ უკრაინელი ჟურნალისტი მაქს ლევინი და მისი მეგობარი ჯარისკაცი ალექსეი ჩერნიშოვი რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს 13 მარტს, კიევთან ახლოს მდებარე ტყეში.

როგორც ორგანიზაცია იუწყება, ლევინმა 10 მარტს კიევთან 20 კილომეტრში მდებარე ტყეში დაკარგა საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლითაც ომის ამსახველ კადრებს იღებდა.

მათივე ცნობით, სამი დღის შემდეგ ის იმ ადგილას მივიდა, სადაც საფრენი აპარატი დაკარგა, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა. ამ პერიოდში მიმდებარე ტერიტორია უკვე ოკუპირებული იყო რუსების მიერ. მისი და მასთან ერთად მყოფი უკრაინელი სამხედროს ცხედარი პირველ აპრილს აღმოაჩინეს სოფელ მოშუნში, აღნიშნული ტერიტორიიდან რუსების გასვლის შემდეგ.

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წარმომადგენლები ჟურნალისტის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით 24 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში ატარებდნენ გამოძიებას და მათი მტკიცებით, მომხდარის სავარაუდო სურათის აღდგენა შეძლეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ტყვია შესაძლო დნმ-ის კვალით, რაც ცხადყოფს რუსი სამხედროების ყოფნას ლევინის მკვლელობის ადგილთან ახლოს. ასევე, ორგანიზაციის ცნობით, მეტალოდეტექტორის საშუალებით მათ აღმოაჩინეს ტყვია, რომელიც დიდი ალბათობით მაქს ლევინს მოხვდა.

ასევე, მომხდარის ადგილზე აღმოჩენილ იქნა ლევინის დამწვარი მანქანა და ჩერნიშევის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

„დანაშაულის ადგილის ამსახველი ფოტოების ანალიზი, ასევე, ამოღებული მატერიალური მტკიცებულებები აშკარად მიუთითებს სიკვდილით დასჯაზე, რომელსაც სავარაუდოდ წინ უძღოდა დაკითხვა და წამებაც კი“, – აცხადებს ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, კრისტოფ დელუარი.