რეჯეფ ტაიფ ეროდაღანი - ლირაზე ზეწოლას დასავლეთი ახდენს, ეს თამაში სტამბოლის არჩევნების შემდეგ დასრულდება
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთის ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლას დასავლეთი ახდენს, მაგრამ არჩევნების შემდეგ ეს თამაში დასრულდება.
ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა.
მისი განცხადებით, აღნიშნული ზეწოლა ხორციელდებოდა 31 მარტს ჩატარებული არჩევნების დროსაც.
„ბოლო არჩევნების წინ, დასავლეთი შეეცდა ჩვენს კუთხეში მომწყვდევას ლირაზე ზეწოლით, ინფლაციით. ყველა ეს თამაში დასრულდება, როდესაც არჩვენები ჩატარდება“, – განაცხადა ერდოღანმა.
31 მარტს გამართული მუნიციპალური არჩევნების დროს, სტამბოლში მერად ოპოზიციონერი ეკრემ იმამოღლუ აირჩიეს. თუმცა მოგვიანებით, ერდოღანის პარტიის მოთხოვნით, უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ არჩევნების შედეგი გააუქმა და ხელახალი კენჭისყრა 23 ივნისს დანიშნა.