ლირის გაუფასურების ფონზე, თურქეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 2002 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
ლირის გაუფასურების ფონზე, თურქეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 2002 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია

ლირის გაუფასურების ფონზე, თურქეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 2002 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში ინფლაციის დონემ 36,08 პროცენტს მიაღწია, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2002 წელს წლიური ინფლაციის დონე 37 პროცენტს შეადგენდა. ამასთან, ეროვნული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის (PPI) ზრდამ ყოველთვიურად 19,08 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიურად 79,89 პროცენტი, რამაც იმპორტზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

ინფლაციის გამო, ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სატრანსპორტო სექტორში დაფიქსირდა, სადაც ზრდამ წლიურად 53,66 პროცენტი შეადგინა, ხოლო კვების პროდუქტებზე ფასები 43,8 პროცენტით გაიზარდა.

ინფლაციის ზრდა გასულ წელს თურქული ლირის გაუფასურებით არის გამოწვეული. 2021 წლის განმავლობაში თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგა. განსაკუთრებით მკვეთრი ვარდნა ნოემბერში დაიწყო და 2021 წლის 20 დეკემბრისთვის კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 18,41 ლირა შეადგინა, ერთი ევროსი კი – 20,74 ლირა.

მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, იანვრის დასაწყისში თურქული ლირა მცირედით გამყარდა. ამის მიუხედავად, ხელისუფლებას მოსახლეობისთვის და კომპანიებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადის გაზრდა მაინც მოუწია.