რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიწისძვრის წლისთავთან დაკავშირებით ქალაქ ჰათაიში ჩავიდა და განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე ყველა დაზარალებულს სახლი არ ექნება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიწისძვრის წლისთავთან დაკავშირებით ქალაქ ჰათაიში ჩავიდა და განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე ყველა დაზარალებულს სახლი არ ექნება

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრიდან ერთი წელი გავიდა. 2023 წლის 6 თებერვალს კაჰრამანმარაშის რეგიონში 7.7 და 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. საუკუნის კატასტროფას, რომელიც დაატყდა თავს კაჰრამანმარაშს, ასევე ჰათაის, ოსმანიეს, ადიამანს, დიარბაქირს, შანლიურფას, გაზიანთეფს, კილისს, ადანას, მალატიასა და ელაზიღს, 53 537 ადამიანი ემსხვერპლა, 107 213 ადამიანი კი დაშავდა.სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მსოფლიოს 93 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, იყო ჩართული.

მიწისძვრებმა, რომლებმაც დააზარალა 14 მილიონი მოქალაქე 120 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობზე, მძიმე ნგრევა გამოიწვია 11 პროვინციაში, 124 რაიონში და 6 ათას 929 სოფელში. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 26 ათას საცხოვრებელ შენობაში ჩატარდა. სტიქიის ზონაში სულ 650 000 ადამიანი მუშაობდა, მათ შორის 11 488 საერთაშორისო პერსონალი. მიწისძვრის ზონაში 2 მილიონ 302 ათას შენობასა და 6 მილიონ 227 ათას დამოუკიდებელ მონაკვეთზე ზარალის შეფასება განხორციელდა და ნანგრევების ამოღების პროცესის 91 პროცენტი ამ დროისთვის განხორციელდა. მიწისძვრის რეგიონის ქალაქების ცენტრებსა და სოფლებში 307 ათასი სახლის მშენებლობა დაიწყო.

მიწისძვრის წლისთავთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირობას დებს, რომ სტიქიის ზონაში სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე დაზარალებულ ყველა მოქალაქეს სახლი არ ექნება. წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე ერდოღანი ქალაქ ჰათაიში ჩავიდა და მოქალაქეებს 7 275 სახლი გადასცა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეტაპობრივად კიდევ 40 000 სახლი გადაეცემა დაზარალებულ მოქალაქეებს. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს თურქეთის მთავრობა 200 000 სახლის აშენებას გეგმავს.

თურქეთის ურბანიზაციის მინისტრმა, მეჰმედ ოჟასეკმა განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად 680 000 სახლი დაინგრა.

მიწისძვრის წლისთავთან დაკავშირებით, თურქეთის ქალაქ ჰათაიში ათი ათასზე მეტმა ადამიანმა აქცია გამართა. მოსახლეობის ნაწილი ქვეყნის მთავრობას უმოქმედობაში სდებს ბრალს. აქციის მონაწილეებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. მოსახლეობა ამბობს, რომ ბევრი ადამიანი დაიღუპა არა შენობების ჩამონგრევის, არამედ სიცივეში დიდხანს ლოდინის გამო.