პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც პირველ ათეულში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა.
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ესპანელი რაფაელ ნადალი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის (12008 ქულა) შემდეგ, მეორე საფეხურს აღარ იკავებს და „თიხის მეფედ“ წოდებული რაფა (9670) მესამე ადგილზე გადავიდა. მისი ადგილი რუსმა დანილ მედვედევმა (9940) დაიკავა. მეოთხე ადგილზე ავსტრიელი დომინიკ ტიმია (8625), სიაში მეხუთე ბერძენი სტეფანოს ციციპასია (6765). მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მეექვსე ადგილზე იმყოფება (6375), მეშვიდეზე – გერმანელი ალექსანდრ ზვერევია (5635), მერვე ადგილს რუსი ანდრეი რუბლევი (5011) იკავებს, მეცხრეზე – არგენტინელი დიეგო შვარცმანია (3640). ათეულის ბოლო ადგილზე კი იტალიელი მატეო ბერეტინია (3453).
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირზე გამარჯვების შემდეგ რეიტინგში ექვსი ადგილით დაწინაურდა და ამჟამად სიაში 36-ე პოზიციაზეა.
მარიამ ბოლქვაძე 192-ე ადგილზეა, ეკატერინე გორგოძე 234-ე, ხოლო ოქსანა კალაშნიკოვამ წყვილთა რეიტინგში 71-ე ადგილზე გადაინაცვლა.