რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 10 მაისამდე გახანგრძლივდა
რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 10 მაისის ჩათვლით, – ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
შეზღუდვა 30 აპრილამდე იყო დაწესებული.
სააგენტომ შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ უკვე აცნობა ვიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით.
„გაცნობებთ, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და ამ ეტაპზე მოქმედებს 2020 წლის 10 მაისის ჩათვლით. აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით“, – აცხადებს სააგენტო.