რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით სასამართლოში შალვა ნათელაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო
რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით სასამართლოში შალვა ნათელაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში შალვა ნათელაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო, საქმეზე პირველი მოსამზადებელი სხდომა ტარდება. საკუთარ სარჩელში შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ კომპანია „ენერგო პროს“ მიერ რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფები არასწორად არის განსაზღვრული, რამაც ნათელაშვილის იურისტის თქმით, მომხმარებლებისთვის მაღალი გადასახადის დაწესება გამოიწვია.

სამართლებრივ დავაში მოპასუხე მხარე „ენერგო-პროს“ გარდა, ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაა (სემეკ).

დღევანდელ სხდომაზე „ლეიბორისტული პარტიის“ იურისტს რამდენიმე შუამდგომლობა აქვს. მათ შორისაა, ექსპერტიზის დანიშვნა. იურისტ მარიამ ცუცქირიძის განცხადებით, დარგის ექსპერტები, მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით შეძლებენ ელექტროენერგიის ფასის ზუსტად განსაზღვრას.

„საქართველოს რეგიონებში მოხდა ტარიფების მკვეთრი გაზრდა. მოხდა ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, რასაც კანონი არ არეგულირებდა. ბუნებრივია, ამაზე სარჩელი შევიტანეთ. გვაქვს რამდენიმე შუამდგომლობა. სემეკ-მა ისე გაზარდა ტარიფი, რომ მომხმარებლების ინტერესები არ გაითვალისწინა“, – განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.

სხდომის დაწყებამდე სემეკის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.