რეჟისორი ლევან აკინი - ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სიყვარულითა და თანაგრძნობით შევქმენი
სამწუხაროდ, ბნელ დროში ვცხოვრობთ და დაგეგმილი პროტესტი ამტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ამ ბნელ ძალებს ყველა შესაძლო საშუალებით გავუწიოთ წინააღმდეგობა, – ამის შესახებ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი ლევან აკინი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„ძალიან ბევრმა ადამიანმა მკითხა, რა ხდება საქართველოში 8 ნოემბერს ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით. გარკვეულმა მემარჯვენე ჯგუფებმა და ეკლესიამ ფილმი დაგმო და გეგმავენ, ხალხი არ შეუშვან იმ ჩვენებაზე, რომლის ბილეთები გაიყიდა. აბსურდია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, სიმამაცე სჭირდებათ. ისინი შეწუხების, უფრო მეტიც, შესაძლოა, თავდასხმის რისკის ქვეშ დგებიან უბრალოდ იმიტომ, რომ ფილმის სანახავად წავიდნენ. მე ეს ფილმი სიყვარულითა და თანაგრძნობით შევქმენი. ეს არის ჩემი სასიყვარულო წერილი საქართველოსა და ჩემი მემკვიდრეობის მიმართ. ამ ისტორიით მსურდა საქართველოს კულტურის აღდგენა და ხელახლა განსაზღვრა, მისი სრულად წარმოჩენა და არა მხოლოდ გარკვეული ნაწილის. სამწუხაროდ, ჩვენ ბნელ დროში ვცხოვრობთ და დაგეგმილი პროტესტი ამტკიცებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, ამ ბნელ ძალებს წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველა შესაძლო საშუალებით“, – წერს ფილმის რეჟისორი.
ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.
„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.
ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.
ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც. საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.
შსს-ში კი განმარტავენ, ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც კანონით დასაშვებ ფარგლებს არ სცდება.