რეჟისორ დიმიტრი მამულიას ფილმის „ბოროტმოქმედი“ პირველი ოფიციალური ტრეილერი გავრცელდა [ვიდეო]
რეჟისორ დიმიტრი მამულიას ფილმის „ბოროტმოქმედი“ პირველი ოფიციალური ტრეილერი გავრცელდა. ქართული ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგება. „ბოროტმოქმედი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და იგი ვენეციაში წარმოდგენილი იქნება საკონკურსო პროგრამაში „ჰორიზონტები“.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „ბოროტმოქმედი“ საქართველო-რუსეთის კოპროდუქციაა. იგი ქარხნის 25 წლის ინჟინრის შესახებ გვიყვება, რომელიც შემთხვევით ცნობილი მეკარის მკვლელობის მოწმე გახდება.
ფილმის პროდიუსერია სულიკო წულუკიძე, სცენარზე დიმიტრი მამულიამ და არჩილ ქიქოძემ იმუშავეს, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი პეტრიაშვილი, ნატალია ჯუღელი და მადონა ჩაჩხიანი.
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია, რომელიც ვენეციაში 1932 წლიდან იმართება. წელს იგი 28 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ტრეილერი კინოფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიდო.