რებეკა ჰარმსი - ყველაფერს გავაკეთებ, რათა საქართველომ უვიზო მიმოსვლის უპირატესობები არ დაკარგოს
ყველაფერს გავაკეთებ, რათა საქართველომ უვიზო მიმოსვლის უპირატესობები არ დაკარგოს, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა ევროპარლამენტის წევრმა, რებეკა ჰარმსმა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მოთხოვნაზე კომენტირებისას განაცხადა.
ევროპარლამენტარის განმარტებით, მისთვის დეტალურად არ არის ცნობილი, რატომ მოითხოვა გერმანიის ერთ-ერთი ფედერალური მიწის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება, თუმცა ვითარებაში გარკვევას ცდილობს.
„ჩემთვისაც დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ გერმანიის ერთ ნაწილში, კერძოდ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში პრობლემები შეიქმნა. მე ჯერ არ ვიცნობ ამ საკითხის დეტალებს, მაგრამ მაქვს კავშირი WDR-ის შესაბამის სამინისტროსთან და ვარკვევ თუ რა ხდება. რაშიც არ უნდა იყოს პრობლემა, მე უკვე ვესაუბრე ჩვენს ქართველ კოლეგებს პარლამენტში, გუშინ კი ვესაუბრე მინისტრსაც. ჩვენ გადავჭრით ამ პრობლემას. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს უვიზო მიმოსვლის უპირატესობები, რადგან უვიზო მიმოსვლა საუკეთესო რამაა, რასაც ბოლო დროს მივაღწიეთ, რათა საქართველოსა და ევროკავშირის, განსაკუთრებით კი ჩემი ქვეყნის, გერმანიის მოქალაქეებს შორის კავშირს შევუწყოთ ხელი. ვფიქრობ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების წარმატება მათ შორის დამოკიდებულია ევროკავშირისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტებზე. ჩვენ ვიპოვით გამოსავალს. საქართველო არ დაკარგავს უვიზო მიმოსვლას“, – აღნიშნა ჰარმსმა.
შეგახსენებთ, გერმანული WDR-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ლობირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.