რეალური ფაქტები და გამოგონილი სცენები სერიალ „ჩერნობილში“
რეალური ფაქტები და გამოგონილი სცენები სერიალ „ჩერნობილში“

1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის აღწერა სრული სიმართლით, ნამდვილად რთული დავალებაა.

კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ბირთვული ავარია საბჭოთა უკრაინაში მოხდა; რადიაციის საოცრად მაღალი დონის გამო, საჭირო გახდა მიმდებარე ქალაქ პრიპიატის ევაკუაცია. საბჭოთა კავშირი ინციდენტს უარყოფდა.

ამ ფატალური აფეთქების ეფექტების გასარკვევად მეცნიერები დღემდე მუშაობენ.


ცნობილი ის არის, რომ გაიხსნა ბირთვული რეაქტორის ბირთვი და ჰაერში გაიტყორცნა რადიოაქტიურ ნივთიერებათა ჭავლები. ტოქსიკურმა კვამლმა დააბინძურა ადგილობრივი გარემო, მოწამლა მიმდებარე მოსახლეობა, მრავალ ადამიანს გაუჩნდა კიბო.

კატასტროფიდან პირველი სამი თვის განმავლობაში, რადიაციით გამოწვეული მწვავე ავადმყოფობებით 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

„ადამიანთა სიცოცხლეზე რეალური ეფექტების მხოლოდ შეფასება თუ შეგვიძლია“, — ამბობს „გრინფისის“ ბირთვული ენერგიის უფროსი ექსპერტი იან ჰავერკამპი. მისივე თქმით, ამ კატასტროფას საშინელი გავლენა ჰქონდა ასობით ათას ადამიანზე.

„ეიჩ ბი ოუს“ (HBO) სერიალ „ჩერნობილზე“ მუშაობისას, მწერალმა და პროდიუსერმა კრეიგ მაზინმა ამ მოვლენის შესახებ შედგენილი საკამათო ანგარიშები გამოიყენა.

„მსურდა ნაკლები დრამატულობა, რადგან დაზუსტებით რაც ვიცით რომ მოხდა, ისედაც საოცრად დრამატულია“, — განუცხადა მაზინმა გამოცემა Variety-ს.

უმეტესად, სერიალი შთამბეჭდავად ზუსტია, თუ არ ჩავთვლით სულ რამდენიმე მხატვრულ გადახვევას.

გამოცემა Business Insider-მა სერიალის რამდენიმე საკვანძო მომენტის ფაქტები შეამოწმა, რათა გაერკვია, რა არის სიმართლე და რა უფრო მითების სფერო.

შენიშვნა: სტატია შეიცავს პირველი ოთხი სერიის სპოილერს.

მითი — ჩერნობილის ცეცხლი ყოველ საათში ჰიროშიმაზე ორჯერ მეტ რადიაციას გამოყოფდა.

როგორც ჩერნობილი, ისე მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბი, კატასტროფული ბირთვული მოვლენები იყო. თუმცა, ჰავერკამპის თქმით, საკმაოდ ძნელია ამ ორი მოვლენისას გამოყოფილი რადიაციის შედარება.

მისი განცხადებით, ჰიროშიმაში ჯანმრთელობის მთავარი საფრთხე პირდაპირი რადიაციული დასხივება გახდა. ატომური ბომბის აფეთქებისას, ადამიანის მიერ მიღებული რადიაციის დოზა დამოკიდებულია აფეთქების ადგილიდან მის დაშორებაზე.

თუმცა ჩერნობილში, ჰავერკამპის თქმით, ატმოსფეროში ავიდა ძალიან ბევრი რადიოაქტიური ნივთიერება, რომლებიც შემდეგ საკმაოდ დიდ არეალზე გავრცელდა და ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში წამლავდა.

ფაქტი — საბჭოთა კავშირი დაბინძურების წყაროს რობოტებით გაწმენდას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ადამიანის შრომა გამოიყენა.

მეოთხე სერიის ერთ საშინელ სცენაში, მამაკაცები ელექტროსადგურის სახურავიდან დაბლა ყრიან რადიოაქტიური გრაფიტის ბლოკებს. სერიალში ამ ადგილს „დედამიწის ყველაზე სახიფათო ადგილად“ მოიხსენიებენ. სინამდვილეში, მამაკაცებს სადგურის მიმდებარე ზონიდან 100 ტონა რადიოაქტიური ნარჩენები მოასუფთავებინეს.

1990 წელს გამართულ კონფერენციაზე, გაწმენდითი სამუშაოების ხელმძღვანელმა იური სემიოლენკომ განაცხადა, რომ აფეთქების ადგილის გაწმენდა თავდაპირველად დისტანციური მართვის რობოტებით სცადეს. თუმცა, რადიაციის გამო მოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა და ხელმძღვანელობამ კვლავ მუშახელის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

გაწმენდაში დიდი დახმარების გაწევა შეეძლო აშშ-ის მოწინავე რობოტებს, მაგრამ ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის გამო, საბჭოთა კავშირს ამერიკისთვის ამ თხოვნით არ მიუმართავს.

მითი — საბჭოთა ბირთვული ფიზიკოსი ულანა ხომიუკი გარკვეულწილად დაეხმარა გაწმენდითი სამუშაოების ორგანიზებას.

სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, საბჭოთა ბირთვული ფიზიკოსი ულანა ხომიუკი წარმოადგენს ჩერნობილის გასუფთავებაში ჩართული მრავალი ბირთვული მეცნიერის ერთობლივ სახეს.

გამოძიების შუაგულში ქალი პერსონაჟის გამოყენებას მაზინისთვის ისტორიული მნიშვნელობა გააჩნდა.

„ერთი სფერო, რომელშიც საბჭოთა კავშირი სინამდვილეში ჩვენზე პროგრესული იყო, მეცნიერება და მედიცინა გახლდათ. საბჭოთა კავშირში პროცენტულად ძალიან მაღალი იყო ქალი ექიმების წილი“, — აღნიშნავს მაზინი.

თუმცა, რეალური პიროვნება იყო ჩერნობილის უფროსი მეცნიერი ვალერი ლეგასოვი. სერიალი სწორედ მისი სცენით იწყება — 1988 წელს, ლეგასოვი კატასტროფის შესახებ თავის პირად ანგარიშს კასეტებზე იწერს, შემდეგ კი თავს იხრჩობს.

ფაქტი — სპეციალურ ჯგუფებს ცხოველების დახოცვა უბრძანეს, რადგან მათ რადიაცია კიდევ უფრო გადაჰქონდათ.

სერიალის ერთ-ერთი ყველაზე სულისშემძვრელი სცენა მეოთხე სერიაში ვითარდება. სამკაციანი საბჭოთა ბრიგადა რეაქტორის მიმდებარედ მოხეტიალე გზააბნეულ ცხოველებს ხოცავს.


აფეთქებიდან დაახლოებით 36 საათის შემდეგ, პრიპიატის მცხოვრებლებს საკუთარი ქონების შესაგროვებლად და მათ წასაყვანად მოსულ ავტობუსებში ჩასასხდომად მხოლოდ 50 წუთი მისცეს. შინაური ცხოველების წაყვანის უფლება არავის მისცეს.

მოსახლეობას თავდაპირველად სჯეროდა, რომ სამ დღეში უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ გადასახლება სამუდამო აღმოჩნდა. უპატრონოდ დარჩენილი ძაღლები მიტოვებულ ქალაქში დაეხეტებოდნენ და დაბინძურების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საბჭოთა ბრიგადებს მათი დახოცვა უბრძანეს.

ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ამჟამად დაახლოებით 300 მაწანწალა ძაღლი ბინადრობს, მაგრამ რადიაციის გამო, 6 წლის ასაკამდე იშვიათი მათგანი ცოცხლობს.

მითი — კატასტროფის შემდეგ მომხდარ ორთქლის აფეთქებას შეეძლო ევროპის დიდი ნაწილი დაუსახლებლად გადაექცია.

ბირთვული ფიზიკოსები შიშობდნენ, რომ თავდაპირველი აფეთქების შემდეგ, კორიუმის (ლავის მსგავსი ნივთიერება) გადნობის შედეგად, მეორე აფეთქება მიწისქვეშა წყლებთან შევიდოდა კონტაქტში.

მეორე სერიაში ხომიუკი საბჭოთა კავშირს აცნობებს, რომ შემდეგ აფეთქებას შეიძლება 2-4 მეგატონა სიმძლავრე ჰქონოდა, რაც მთლიანად მოსპობდა კიევისა და მინსკის ნაწილის მოსახლეობას.

როგორც იგი აღნიშნავდა, გამოყოფილი რადიაცია დააზიანებდა მთელ საბჭოთა უკრაინას, ლატვიას, ლიტვას, ბელარუსს, პოლონეთს, ჩეხოსლოვაკიას, უნგრეთს, რუმინეთს და აღმოსავლეთ გერმანიის დიდ ნაწილს.

ჰავერკამპის განცხადებით, ამ სცენარის მრავალი დეტალი ჰიპოთეტური იყო.

„სიტუაცია ნამდვილად გართულდებოდა, თუ გამდნარი კორიუმი მთლიანად მიაღწევდა მიწისქვეშა წყლებს. თუმცა, კორიუმი საკმაოდ არათანაბრად გადნა“, — აღნიშნავს „გრინპისის“ ბირთვული ენერგიის უფროსი ექსპერტი იან ჰავერკამპი.

მისივე თქმით, იმის განცხადება, რომ მეორე აფეთქების ძალა 4 მეგატონა იქნებოდა, ნამდვილად გადამეტებული იყო.

ფაქტი — ახალგაზრდა მეხანძრე, რომელსაც ორსული ცოლი ჰყავდა, აფეთქებიდან მალევე საავადმყოფოში დაიღუპა.

აფეთების დილას, მეხანძრე ვასილი იგნატენკო და მისი ცოლი ლიუდმილა ბელარსუში გამგზავრებას გეგმავდნენ, მაგრამ მათი გეგმები უცაბედად შეიცვალა. ღამის 1:30 საათზე ვასილი ელეტროსადგურზე ხანძრის ჩასაქრობად გამოიძახეს. სახლიდან გასვლის წინ მან ცოლს პირობა მისცა, რომ სახლში დაბრუნებისას გააღვიძებდა, მაგრამ რადიაციით სასტიკად მოწამვლის გამო, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

 

როდესაც ლიუდმილამ ქმარს საავადმყოფოში მიაკითხა, უბრძანეს, არ შეხებოდა. ლიუდმილა მაშინ ფეხმძიმედ იყო, მაგრამ რადიოლოგებს ეს ფაქტი დაუმალა, რათა ქმარი ენახა. ვასილი აფეთქებიდან 14 დღის შემდეგ დაიღუპა და თუთიის კუბოთი დაკრძალეს, როგორც სერიალშიც არის ნაჩვენები. ჩანს ისიც, როგორ მიაქვს ლიუდმილას ქმრის ფეხსაცმელები, რომლებიც მას დასიებულ ფეხებზე ვერ ჩააცვეს.

ლიუდმილამ იმშობიარა, მაგრამ ჩვილი დაბადებიდან ოთხ საათში დაეღუპა.

მითი — ვერტმფრენი აფეთქებიდან რამდენიმე საათში ჩამოვარდა.

მეორე სერიაში ნაჩვენები ვერტმფრენის ჩამოვარდნა მართლაც მოხდა, მაგრამ სინამდვილეში, ეს ფაქტი გაწმენდითი სამუშაოების პირველი ორი კვირის განმავლობაში მოხდა და არა აფეთქებისთანავე, როგორც ეს სერიალშია ნაჩვენები. მაზინის განცხადებით, ეს ერთ-ერთია იმ რამდენიმე ფაქტს შორის, რომლებისთვისაც საჭირო გახდა ქრონოლოგიის შეცვლა.

 

„მსურდა ხალხს სცოდნოდა, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ის სარისკო საქმე იყო, რომლის შესრულებაც პილოტებს უხდებოდათ — ღია რეაქტორზე გადაფრენა. რადიაცია მათ თავზე უვლიდათ“, — აღნიშნავს მაზინი.

სერიალში ნაჩვენებია, რომ ვერტმფრენი ამწეს შეეჯახა და მიწაზე დაენარცხა.

ჰავერკამპის განცხადებით, რეაქტორის ირგვლივ ჰაერის მოძრაობა არაპროგნოზირებადი იყო, მაგრამ ვერტმფრენის ჩამოვარდნა მართლაც ამწესთან შეჯახებამ გამოიწვია.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.