ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო მატჩი ჩაატარა მადრიდის “რეალმა”, რომელიც სტუმრად ხვდებოდა “ვილიარეალს“. ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ბოლო რეპეტიცია – 2:2 დასრულდა.
ზინედინ ზიდანმა “რეალის” კარში თავისი 20 წლის ვაჟი ლუკა ზიდანი ჩააყენა, სხვა მხრივ კი შემადგენლობა ოპტიმალური იყო და უკვე 32-ე წუთისთვის მადრიდელები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ – ბეილმა ჯარიმიდან სწრაფი გოლი გაიტანა, შემდეგ კი კრიშტიანუ რონალდუმ მარსელოს ჩაწოდებულს თავი დაუხვედრა.
“ვილიარეალმა” შესვენების შემდეგ მოუმატა და ანგარიშიც გაათანაბრა როხერ მარტინესისა და სამუელ კასტილიეხოს გოლებით – 2:2.
2000 წლიდან მოყოლებული, “რეალი” მეოთხედ ვერ გავიდა ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ან მეორე ადგილზე. ამჯერად, მადრიდელები მესამე ადგილს დასჯერდნენ.
ეს იყო “რეალისთვის” ბოლო რეპეტიცია ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რომელიც 26 მაისს კიევში გაიმართება. მადრიდელთა მეტოქე “ლივერპული” იქნება.