ადამიანთა კულტურები მსოფლიოს ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულად ხედავენ, მაგრამ საოცარია, რომ ღამის ცაზე ვარსკვლავებს მრავალი კულტურა ერთნაირად აჯგუფებს.
დროსა და სივრცეში ძალიან დიდი სხვაობის მიუხედავადაც კი, მრავალი ერთი და იგივე თანავარსკვლავედი ადამიანის ისტორიაში დროდადრო ჩნდება, თუნდაც სხვადასხვა სახელებითა და ისტორიებით.
ორიონის თანავარსკვლავედი მთელი მსოფლიოდან ჩანს და ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია.
ძველი ბერძნები მასში ხარის წინაშე მდგარ მონადირეს ხედავდნენ, ხელში კეტითა და ფარით, მაგრამ სამხრეთ ნახევარსფეროში, გაცილებით უფრო ძველი ავსტრალიელ აბორიგენთა ჯგუფი, სახელად ვირადჯური, მასში თავიანთ შემქმნელ წინაპარ ბაიამეს ხედავდნენ, რომელსაც ხელში ფარი და ბუმერანგი ეპყრა.
ბაიამესაც და ორიონსაც უკან მისდევს შვიდი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ავსტრალიური ტომი დებ იუგარილიებს უწოდებდა, ბერძნები კი დებ პლეადებს. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ნახევარსფეროში ორიონის თანავარსკვლავედი თავდაყირა ჩანს, იმის გამო, რომ ეს თანავარსკვლავედი ჰორიზონტზე პირველი ჩადის, უძველეს კულტურებს მაინც შთააგონა ბაიამეს ნადირობის ამბები.
ასეთ უცნაურ დამთხვევათა გამო, პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მიუხედავად ჩვენი კულტურებისა, ცაში სინათლის წერტილებისგან ერთნაირი ფიგურების „აწყობაში“ რაღაც თამაშობს როლს.
„ვვარაუდობთ, რომ ვარსკვლავთა ჯგუფების (თანავარსკვლავედები) აღქმა შეიძლება აიხსნას თვალის მოძრაობის მარტივი მოდელით, რომელიც შემთხვევით „დასეირნობს“ ვარსკვლავიდან-ვარსკვლავში გარდამავალ ალბათობათა ქსელის გასწვრივ“, — წერენ მკვლევრები.
სრული შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ავტორები ირწმუნებიან, რომ ამ ვიზუალურ „სეირნობაზე“ გავლენას ახდენს ვარსკვლავების ზომა და მათ შორის მანძილი, ისევე როგორც ადამიანის თვალის სწრაფი და პატარა მოძრაობები, რომლებსაც ის სცენის სკანირებისას ახდენს; ფიზიოლოგიაში ამას თვალის სწრაფ ნახტომისებურ მოძრაობას უწოდებენ.
ამ ფაქტორებზე დაყრდნობით, ჯგუფმა თავისუფალი ენერგიის მოდელი შექმნა და გამოთვალა ხილულ ვარსკვლავთა გონებრივად დაჯგუფების ალბათობა ძლიერ კომპლექსურ მატრიცაში.
როდესაც ღამის ცას მოარგეს, ამ მოდელმა წარმატებით გამოავლინა 88 ისეთი თანავარსკვლავედი, რომლებიც უკვე აღიარებულია საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ.
„ვაჩვენეთ, რომ აღქმულ ვარსკვლავთა ჯგუფების სტატისტიკა ბუნებრივად ეთავსება საზღვრებს ნამდვილ თანავარსკვლავედებს შორის“, — წერენ ავტორები.
რა თქმა უნდა, ამით არ შეიძლება იმის თქმა, რომ არ არსებობს კულტურული სხვაობები ადამიანთა აღქმაში — უბრალოდ აღნიშნავენ იმას, რომ არსებობს თვალშისაცემი თანმიმდევრულობა.
მაგალითად, სამხრეთ ნახევარსფეროში, უძველეს კულტურებში საკუთარი ამბების გადმოსაცემად უფრო ხშირი აღმოჩნდა ბნელი სივრცეების გამოყენება, ისევე როგორც კაშკაშა ვარსკვლავებისა; მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს გადაფარვა თანავარსკვლავედებში.
ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ ზოგიერთი აბორიგენი ავსტრალიური ტომი ირმის ნახტომის მტვრის ბნელ ზოლებში ციურ ემუს ხედავს. იგივე ბნელ ზოლებში ბრაზილიასა და ბოლივიაში მცხოვრები ტუპის ხალხი ემუს შორეულ ნათესავს, ფრინველ რეას ხედავს.
ცხადია, ყველა თანავარსკვლავედი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებიდან
თანაბრად ან ერთნაირი ორიენტაციით არ ჩანს. იმის მიხედვით, თუ მსოფლიოს რომელი ნაწილიდან უყურებთ, შეიძლება რაღაც ოდნავ განსხვავებული დაინახოთ.
დიდი დათვი ცნობილი თანავარსკვლავედია, რომელიც მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან ჩანს. თუმცა, ალასკაზე მცხოვრები კუჩინის ხალხისთვის ეს ვარსკვლავები უფრო დიდი სურათის შემადგენელი ნაწილია — სურათის, რომელიც თითქმის მთლიან ხილულ ღამის ცას მოიცავს.
მათი თანავარსკვლავედი, სახელად იაჰდიი, ცაზე 133 გრადუსზე მეტით ვრცელდება და მოიცავს ვარსკვლავებს, რომლებიც თითქმის კუჩინის ხალხის ქვეყნის განედიდან თითქმის პოლუსთან მოჩანს.
ღამის განმავლობაში, იაჰდიი ისე ჩანს, თითქოს აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიდის — დიდი დათვის თანავარსკვლავედი კი მისი კუდია.
მეცნიერებსა და ანთროპოლოგებს დიდი ხანია აინტერესებთ, რატომ ვხედავთ ღამის ცაში მსგავსებებსა და განსხვავებებს. საქმე კულტურას ეხება? ადგილმდებარეობას? რაღაც უფრო თანდაყოლილია? თუ საქმე გვაქვს ამ ფაქტორთა ნაზავთან? ეს კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, მაგრამ როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, ცაზე ვარსკვლავების თვალიერებაში არსებობს რაღაც უნივერსალური, რაღაც ისეთი, რაც სივრცის, დროისა და ხალხების საზღვრებს არ ემორჩილება.
„სხვადასხვა კულტურის უძველესი ხალხი ვარსკვლავებს ერთმანეთის მსგავსად აჯგუფებდა, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანთა სწავლის უნარში არსებობს გარკვეული ფუნდამენტური ასპექტები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენ მიერ ინფორმაციის ორგანიზების გზებზე“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის წევრი სოფია დევიდი.
კვლევა მარტში, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების შეხვედრაზე წარმოადგინეს.
მომზადებულია Science News-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.