რატომ არის პომიდორი სინამდვილეში ხილი, მაგრამ ამავე დროს ბოსტნეულიც
არც ერთი საკვები ისე არ აკავშირებს ერთმანეთთან ხილსა და ბოსტნეულს, როგორც პომიდორი.
სკოლაში ალბათ გასწავლეს, რომ პომიდორი ბოსტნეულია, თუმცა საქმე არც ასე მარტივადაა. სინამდვილეში, პომიდორი არის როგორც ბოსტნეული, ისე ხილი.
განმარტება სიტყვა „ხილის“ ორნაირ განსაზღვრებაში უნდა ვეძიოთ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სამეცნიერო თვალსაზრისით, პომიდორი ხილია.
Merriam-Webster-ის ლექსიკონის მიხედვით, ხილი არის „თესლოვანი მცენარის საჭმელი, რეპროდუქციული სხეული“.
ბლოგპოსტში, ლექსიკონი ხილს უფრო მარტივად განსაზღვრავს:
„ნებისმიერი რამ, რაც მცენარეზე იზრდება და წარმოადგენს საშუალებას, რომელშიც მცენარე თესლებს იკეთებს, არის ხილი“.
ეს განსაზღვრება მოიცავს ვაშლს, პომიდორს და მცენარის ნებისმიერ ნაყოფს, რომელიც თესლებს შეიცავს (მეცნიერების მიხედვით, ხილია კიტრიც, წიწაკაც, გოგრაც, ავოკადოც).
მეორე მხრივ, ბოსტნეულს უფრო გაურკვეველი განსაზღვრება აქვს. ამ სიტყვას ვიყენებთ ბალახოვან მცენარეთა ვრცელი ჯგუფისათვის, რომელთა სხვადასხვა ნაწილიც საკვებად გამოიყენება, მაგალითად, ფესვები, ღეროები თუ ფოთლები.
ლექსიკონის მიხედვით, კრიტიკული განსხვავება ის არის, რომ ბოსტნეული უნდა იყოს მცენარის ნაწილი ან მთლიანად მცენარე, ხილი კი მხოლოდ ის ნაწილი, რომელშიც მცენარე თესლებს იკეთებს.
„მცენარე პომიდვრის შემთხვევაში, ეს თავად მცენარის ნაწილი არ არის, დაახლოებით ისეა მისი ნაწილი, როგორც ქათმისთვის კვერცხი ან ვაშლის ხისთვის ვაშლი“, — წერს Merriam-Webster-ი.
თუმცა, გაურკვევლობას წარმოშობს ის ფაქტი, რომ „ბოსტნეული“ არა ბოტანიკური კლასიფიკაცია, არამედ კულინარიულია. ასეთივეა „ხილიც“ — „აქვს თესლთან დაკავშირებული ტკბილი რბილობი და როგორც წესი, მიირთმევენ დესერტად“, — განმარტავს Merriam-Webster-ი.
სამეცნიერო თვალსაზრისით, ხილი აუცილებელი არ არის ტკბილი იყოს, მაგრამ რაც შეეხება კულინარიას, ხილს, რომელიც ტკბილი არაა, ბოსტნეულს აკუთვნებენ.
ნუტრიციონისტები (კვების სპეციალისტი) ტერმინებს აღიარებენ მათი ზოგადი გამოყენებიდან გამომდინარე და შესაბამისად, აშშ-ის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს პომიდორი ბოსტნეულის სიაში აქვს შეტანილი.
ამ საკითხს გვერდი ვერ აუარა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომაც კი. 1893 წელს სასამართლო იძულებული გახდა ემსჯელა საკითხზე, უნდა დაბეგრილიყო თუ არა იმპორტირებული პომიდორი Tariff Act of 1883-ის ფარგლებში, რომელიც მხოლოდ ბოსტნეულს ეხებოდა და არა ხილს.
ორივე მხარე განმარტებისთვის ლექსიკონებს იშველიებდა, მაგრამ საბოლოოდ, სასამართლომ ბოსტნეულის მხარე დაიჭირა.
გადაწყვეტილება სასამართლომ მოკლედ განმარტა:
„ბოტანიკური თვალსაზრისით, პომიდორი ხილია, ზუსტად ისევე, როგორც კიტრი, გოგრა, ლობიო თუ ბარდა.
მაგრამ ხალხის ყოველდღიურ ენაში, ეს ყოველივე ბოსტნეულია, რომელიც ბაღჩებში იზრდება და იჭმევა როგორც უმი, ისე მომზადებული“.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით