რატომ არ უღებენ ბორჯღალოსნებს ექვსი ერის კარს - არგუმენტები და კონტრარგუმენტები [ვიდეო] #1TVSPORT
რატომ არ უღებენ ბორჯღალოსნებს ექვსი ერის კარს - არგუმენტები და კონტრარგუმენტები [ვიდეო] #1TVSPORT

წლებია, არ წყდება მსჯელობა, იმსახურებს თუ არა საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ექვს ერში ადგილს. იმ შედეგებითა და პროგრესით, რაც ბორჯღალოსნებმა ბოლო წლებში აჩვენეს, ალბათ, ამ კითხვაზე პასუხი დადებითი უნდა იყოს. თუმცა ფაქტია, არსებობს რამდენიმე დამაბრკოლებელი მიზეზი, რის გამოც, ჩვენს ნაკრებს არ ეძლევა საშუალება მოხვდეს ელიტაში და იქ დაამტკიცოს თავის შესაძლებლობები.

ექვსი ერის ჩემპიონატი 2000-იანი წლებიდან ჩამოყალიბდა და მაში ევროპის ექვსი ქვეყნის გუნდი – ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ირლანდია, საფრანგეთი და იტალია ასპარეზობს. სწორედ ამ ტურნირის გამარჯვებული ითვლება ევროპის ჩემპიონად. ხოლო ბოლოადგილოსანი „ხის კოვზის“ მფლობელად. ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, რაც უნდა ცუდი შედეგი აჩვენოს მეექვსეადგილოსანმა, ის შემდეგ გათამაშებაშიც აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას და მისი ჩანაცვლება არასდროს ხდება.

 

არგუმენტები ბორჯღალოსნების სასარგებლოდ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კი ევროპაში რანგით მეორე ტურნირზე, რაგბი ევროპაზე ასპარეზობს, რომლის ზედიზედ მეოთხედ მოგებასთანაც საკმაოდ ახლოს არის. ამ გათამაშებაში ჩვენი ნაკრები ბოლოს ოთხი წლის წინ დამარცხდა რუმინეთთან 1-ქულიანი სხვაობით, მას შემდეგ კი ზედიზედ 19 გამარჯვება მიითვალა. ეს ყველაფერი კი უკვე კარგად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ დროა, ბორჯღალოსნები ახალ გამოწვევებს შეეჭიდონ და უფრო მეტი გამოცდილების მიღების საშუალება მიეცეთ.

პირველ რიგში, ქართველთათვის სასარგებლოდ მსოფლიო რაგბის რეიტინგი მეტყველებს, რომლის მიხედვითაც ბორჯღალოსნები მე-12 პოზიციას იკავებენ და ევროპულ ნაკრებებს შორის შედეგებით სწორედ ისინი არიან მეექვსე პოზიციაზე. ხოლო ექვს ერში მყოფ იტალიას სამი პოზიციით უსწრებს.

ამავდროულად, ელიტის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩატარებულ ტესტებში, ქართველებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მეტოქეს თავისი თამაში შესთავაზეს და გულშემატკივარს დასამახსოვრებელი მომენტებიც აჩუქეს. ამის შემდეგ, კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რომ ბორჯღალოსნებს უკეთ თამაშისათვის, მეტი ასეთი შეხვედრის ჩატარება სჭირდებათ, რაც შეიძლება ხშირად უნდა ჩავატაროთ ტესტები ისეთ ნაკრებებთან, როგორიცაა სამხრეთ აფრიკა, შოტლანდია, ინგლისი, ფიჯი და ა.შ. სწორედ ასეთი შეხვედრები მოუტანს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ხარისხს, წარმატებასა და შედეგს.

 

ექვსი ერის ხელმძღვანელთა არგუმენტები

თავის მხრივ ექვს ერსაც არაერთი არგუმენტი აქვს იმის საპირისპიროდ, რომ ბორჯღალოსნებს კარი გაუღონ. პირველ რიგში, ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული. იტალიელები ინვესტორებისგან საკამოდ მაღალ თანხას იღებენ, რაც მათ ადგილს კიდევ უფრო მეტად ამყარებს ექვს ერში.

ამას გარდა, საქართველო დასავლეთ ევროპელებისთვის მანძილის გამო, არც თუ ისე კომფორტულ ადგილს წარმოადგენს. ისინი არ არიან დარწმუნებულები, კომერციულად რამდენად მომგებიანი იქნება საქართველოს გამოჩენა ექვს ერში.

ასეც რომ არ იყოს, საპილოტე რეჟიმში ჩატარებულ რვა ერშიც ვერ მონახეს მათ ჩვენი ადგილი, თავდაპირველად ფიჯი და იაპონია მიიწვიეს. მას შემდეგ რაც იაპონიამ პანდემიის გამო უარი განაცხადა მონაწილეობაზე და თითქოს ყველაფერი ჩვენზე მიანიშნებდა, მსოფლიო რაგბის ფრანგმა ვიცე პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტისმა განცხადა, რომ ისინი მოლაპარაკებას სამხრეთ აფრიკასთან აწარმოებდნენ. თუმცა სამხრეთ აფრიკელთათვის ეს წინადადება მიმზიდველად ნამდვილად არ ჟღერდა, ამიტომაც სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდა ადგილი ჩვენ დაგვრჩა. მოსამზადებლად მხოლოდ 1 კვირა გვქონდა და სწორედ ამის ბრალია ისიც, რომ ამ ტურნირზე დადებითი შედეგის ჩვენება ვერ მოვახერხეთ, თუმცა ფაქტია, თამაშიდან თამაშამდე პროგრესი გვქონდა.

 

სანამ ბორჯღალოსნებისთვის ელიტის კარები გაიღება, აუცილებელია, საკლუბო დონეზეც განვითარება და რაც შეიძლება უკეთესი ჩემპიონატის ჩამოყალიბება. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხებთან და პირობებთანაა დაკავშირებული, თუმცა ამის გარეშე მაღალ შედეგს ვერ მივაღწევთ.

ერთი ქართული გუნდიც არ მონაწილეობს საერთაშორისო ტურნირებზე, მაშინ როდესაც მინიმუმ ორი იტალიური გუნდი გვხდება იქ. ლოდინს აზრი არ აქვს, განვითარება უნდა განვაგრძოთ, შანსი აუცილებლად მოგვეცემა და ის ჩვენდა სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ამ ყველაფერს მზად უნდა შევხდეთ

ცოტნე შაორშაძე