საქართველომ რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველომ რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის მეოთხე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ტრადიცულ მეტოქეს, რუმინეთის ეროვნულ გუნდს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა. მატჩს (კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით) მაყურებელიც დაესწრო.

შეხვედრა ბორჯღალოსნების უპირატესობით დაიწყო და მე-10 წუთზე საჯარიმო ლელოს წყალობით დავწინაურდით – 7:0. მე-20 წუთზე კი აბჟანდაძის ზუსტად შესრულებულმა საჯარიმომ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 10:0.

აღსანიშნავია, რომ შალვა მამუკელაშვილს მოედანი პირველივე ტაიმში დაატოვებინეს და ფაქტობრივად, მთელი მატჩის განმავლობაში ბორჯღალოსნები კაცნაკლულები თამაშობდნენ.

რუმინელები პირველი ტაიმის მეორე ნახევრიდან გააქტიურდნენ, ლელო 22-ე წუთზე დადეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და სხვაობა მინიმუმადე დაიყვანეს -10:7. 35-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმა კარს ააცილა და ანგარიშის გარზდის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. პირველი ტაიმის ბოლოს თამაშმა რუმინელების ნახევარზე გადაინაცვლა. ქართველების შეტევებმა შედეგი გამოიღო. რუმინელთა კარში 40+3 წუთზე დანიშნული ჯარიმა აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ – 13:7.

მეორე ტაიმი რუმინელებმა აქტიურად დაიწყეს, ჯარიმა მოიპოვეს, ზუსტადაც შეასრულეს და ანგარიში ისევ მინიმუმადე დაიყვანეს – 13:10.  ამის შემდეგ უპირატესობას ისევ ბორჯღალოსნები დაეუფლნენ. 53-ე წუთზე ქართველების შესანიშნავი შეტევა ბექა გიგაშვილმა ლელოთი დააგვირგვინა, თედო აბჟანდაძემ კი რთული პოზიციიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა – 20:10.

გაშვებულ ლელოს კვლავ რუმინელების გააქტიურება მოჰყვა, რაც საბოლოოდ, ლელოთი და ზუსტად შესრულებულ გარდასახვით დასრულდა – 20:17.

საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა თამაშის დამაჯერებლად შემობრუნება მაინც მოახერხა. 70-ე წუთზე ტაბუცაძემ რუმინელებს ლელო დაუდო, სხვაობა კვლავ გაზარდა- 25:17. მატჩის მიწურლს კი ბაბუნაშვილის არეკნმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 28-17. საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ანთიმოზ ივერიელის თასიც შეინარჩუნა.

ურთიერთშეხვედრებში ქართველი მორაგბეები „რაგბი ევროპაზე“ რუმინეთთან ბოლოს 2017 წელს, ერთ ქულიანი სხვაობით (8:7) დამარცხდნენ და მას შემდეგ „მუხის ფოთლებს“ ზედიზედ სამი თამაში მოუგეს, უშუალოდ ტურნირზე კი 19 შეხვედრიანი მოგებათა სერია აქვთ. შთამბეჭდავი იყო 2020 წელს მოპოვებული გამარჯვება, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ ანგარიშით 41:13 მოიგეს.  გუნდებს ერთმანეთთან 23-ჯერ უთამაშიათ. აქედან 15 დაპირისპირება საქართველომ მოიგო, ცხრა კი რუმინეთმა. საგულისხმოა, რომ პირველი ცხრა დაპირისპირებიდან შვიდი „მუხის ფოთლებმა“ მოიგეს და სწორედ 2006 წლის შემდეგ დაიწყო „ბორჯღალოსნების“ დომინაცია.

 

დატოვე კომენტარი