რატი ბრეგაძე - პოლონელი ექიმის მხრიდან ვნახეთ გაუგონარი ქმედება, მსჯავრდებული სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ნიმუშის აღებას ხედავდა, მაგრამ გატანის მცდელობის ფაქტზე ჯერჯერობით ვერ გეტყვით
რატი ბრეგაძე - პოლონელი ექიმის მხრიდან ვნახეთ გაუგონარი ქმედება, მსჯავრდებული სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ნიმუშის აღებას ხედავდა, მაგრამ გატანის მცდელობის ფაქტზე ჯერჯერობით ვერ გეტყვით

პოლონელი ექიმის ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ასევე სამედიცინო-სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო და გაუგებარი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა რატი ბრეგაძეს კითხვა დაუსვეს: „კადრები ნანახი გაქვთ, ხედავდა თუ არა სააკაშვილი, რომ მისი ნიმუშების მოპარვა ხდებოდა, თუ ეს ყველაფერი მისგან მალულად მოხდა?“ რაზეც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ გარკვეულ დეტალებზე საუბარი შეგნებულად არ სურს.

„მე რა დავინახე, ამას არ აქვს თქვენთვის არსებითი მნიშვნელობა. მე რომ მდომოდა ამის შესახებ საუბარი და მდომოდა, ეს ინფორმაცია გამხდარიყო საჯარო, მაშინ ჩვენ ვაჩვენებდით კადრებს, ამის არავითარი პრობლემა არ არის. აქ იყო ნიმუშის აღების პროცესი და ხედავდა თუ არა მსჯავრდებული სააკაშვილი კონკრეტულად ამ ნიმუშის აღებას, რა თქმა უნდა, ხედავდა, მაგრამ გატანის მცდელობის ფაქტზე ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერ გეტყვით“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, პოლონელმა ექიმმა ნამდვილად დაადასტურა, რომ წინდის მეშვეობით ცდილობდა მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას.

„არ მინდა დეტალებზე საუბარი, რა სახის ნიმუში იყო. ეს იყო სამედიცინო პროცედურა და დეტალებში არ შევალ. თუმცა, რა შეიძლებოდა, განთავსებულიყო ხელსახოცში და ჩატეულიყო წინდაში, ალბათ უჩემოდაც მიხვდებით. ჩვენ დავრჩით ჩვენ მიერ გაცემული პირობის ერთგული, თუმცა მეორე მხრიდან, სამწუხაროდ, ვიხილეთ სრულიად გაუგონარი ქმედება, რაც არ ჯდება არცერთ ეთიკურ და სამართლებრივ ნორმაში. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, დაკავშირებული იყოს სხვა ექიმების შესვლასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ბევრად უფრო დეტალურად იქნება ამიერიდან განხილული.

ამასთან, კონკრეტულ ექიმს რაც შეეხება, თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინიტროს, რომ მოესმინათ პოლონეთის საელჩოდან მიეღოთ ინფორმაცია. როგორც იცით, დღეს იმყოფებოდა საელჩოს წარმომადგენელი საქართველოს საგარეო სამინისტროში და შემდგომში როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პოლონელი დიპლომატი არ არის ინფორმირებული ექიმის ამგვარი ქცევის მიზეზების შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად გაუგებარს და ბუნდოვანს ხდის პოლონელი ექიმის მსგავს ქცევას“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის თქმით, გამოძიების დაწყებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი ორგანო, იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.

ამასთან, გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.

პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.