რატი ბრეგაძე - პოლონელმა ექიმმა თავად დაადასტურა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების მოტყუებისგან
რატი ბრეგაძე - პოლონელმა ექიმმა თავად დაადასტურა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების მოტყუებისგან

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.

რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისა და საზოგადოების მოტყუებისგან.

„მსჯავრდებულ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებული გაუგებარი ინციდენტის გაუბრალოებითა და გადაფარვით დაინტერესებული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს გასარკვევია, ნამდვილად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს თუ, უბრალოდ, რაიმე ედო წინდაში და შემთხვევით შემოყვა.

ფაქტი ჯიუტია, ჩვენ ვიყავით და ვართ ჩვენი პირობის ერთგული, შევუშვით პოლონელი ექიმები და გავატანეთ მათ ასევე ოფიციალურად აღებული ნიმუშები. თუმცა, მოგვიანებით ვიხილეთ ექიმის მიერ ყველა წესის დარღვევით მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშების ფეხსაცმლის მეშვეობით მალულად გატანის მცდელობა.

საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დამატებით გეტყვით, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. ამ ეტაპზე მეტ დეტალებზე არ ვისაუბრებთ.

ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისა და საზოგადოების მოტყუებისგან. დაველოდოთ ოფიციალურ განმარტებას“, – წერს რატი ბრეგაძე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.