ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე, სადაც „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი მდებარეობს, სპეცოპერაცია გრძელდება.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ცოტა ხნის წინ, შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც თავდამსხმელის გამოჩენიდან რამდენიმე წუთში ბანკის დატოვება მოახერხა, ყვება, რომ ფილიალში მოულოდნელად შევიდა შეიარაღებული პირი, რომელმაც რამდენჯერმე გაისროლა და მოითხოვა, ყველა იატაკზე დაწოლილიყო.
მისი თქმით, ამ დროს ბანკში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ.
„ვემსახურებოდი ერთ-ერთ კლიენტს, როცა შემოვიდა მძარცველი. რამდენადაც მახსოვს, რამდენჯერმე გაისროლა თოფიდან, დაიყვირა, რომ იყო ძარცვა. მოთხოვნა იყო, ყველანი იატაკზე დავწოლილიყავით. არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი გარეთ, სავარაუდოდ, კლიენტმა გამომიყვანა. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი.
მომსახურების მოლოდინში საკმაოდ ბევრი იყო. რამდენადაც ვიცი, რამდენიმე ადამიანი გამოუშვა, ვინც ასაკში იყო. თანამშრომლებიდან ერთი იყო შესვენებაზე და ერთი სესხის ოფიცერია გარეთ. დილიდან სულ 58 თანამშრომელი ვიყავით“, – განაცხადა ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.