რამდენიმე გავლენიანმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, როგორ იყენებდნენ ჯაშუშურ პროგრამა „პეგასუსს“ ადამიანებზე მიყურადების მიზნით
რამდენიმე გავლენიანმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, როგორ იყენებდნენ ჯაშუშურ პროგრამა „პეგასუსს“ ადამიანებზე მიყურადების მიზნით

საფრანგეთში ბაზირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელწოდებით „აკრძალული ისტორიები“ და რამდენიმე წამყვანმა მედიასაშუალებამ 18 ივლისს გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ რიგი ქვეყნები ისრაელის მიერ წარმოებულ ჯაშუშურ პროგრამა „პეგასუსს“ ადამიანებზე მიყურადების მიზნით იყენებდნენ.

საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომაც დანიშნა, ხოლო გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აუცილებელია „პეგასუსის“ ტიპის პროდუქციის მიყიდვის შეზღუდვა იმ ქვეყნებზე, რომლებშიც ამ თემაზე სასამართლო ზედამხედველობა ნაკლებია.

როგორც ცნობილია, ჯაშუშური პროგრამა „პეგასუსის“ შეყვანა Android-ის, ან iOS-ის სისტემაში ისე არის შესაძლებელი, რომ აღნიშნულის შესახებ ტელეფონის მფლობელმა ვერ გაიგოს. სისტემაში მოხვედრის შემდეგ „პეგასუსს“ უჩნდება წვდომა ტელეფონის ფაილებზე, კამერაზე, მიკროფონსა და აქვს პიროვნების კონკრეტულ ლოკაციაზე დაკვირვების უნარი.

ამ ტიპის ჯაშუშური პროგრამით ტელეფონის „დაინფიცირება“ რამდენიმე მეთოდით არის შესაძლებელი:

ე.წ. ნულოვანი დაწკაპებით შეტევა („Zero-click”attack) – უმეტეს შემთხვევაში „პეგასუსის“ ინსტალაცია კონკრეტულ ტელეფონში ხდება ოპერაციული სისტემის, ან აპლიკაციის იმ შეცდომის (bug) გამოყენებით, რომლის შესახებ ინფორმაცია თავად დეველოპერსაც არ აქვს.

ე.წ. მავნე ბმული (Malicious link) – „პეგასუსის“ ადრინდელი ვერსია ტელეფონში იმ ე.წ. მავნე ბმულების საშუალებით ხვდებოდა, რომელზეც მფლობელი თავად გადადიოდა. ამ ტიპის ბმულს ჩვეულებრივ ელექტრონულ ფოსტაზე ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით იღებდა ტელეფონის მფლობელი.

ე.წ. უკაბელო გადამცემი (Wireless transmitter) – „პეგასუსის“ ინსტალაცია ე.წ. უკაბელო გადამცემის საშუალებითაც არის შესაძლებელი, თუ ეს მოწყობილობა კონკრეტული ტელეფონის სიახლოვეს არის განთავსებული.

ოპერაციულ სისტემაში „პეგასუსის“ ინსტალაციის კიდევ ერთი მეთოდი კი კონკრეტული პირის მიერ მისი ხელით შეყვანაა, თუ მას ფიზიკური წვდომა გაუჩნდება ტელეფონზე.

ამ ჯაშუშური პროგრამის ტელეფონში შესვლის შემდეგ, მას უჩნდება წვდომა შეტყობინებებსა და ელექტრონულ ფოსტაზე. აქვს უნარი დააკოპიროს მიმოწერა, დაათვალიეროს კონტაქტები, ფაილები (ფოტოების და ვიდეოების ჩათვლით).

„პეგასუსს“ აგრეთვე აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად ჩართოს კამერა ან მიკროფონი, გადაიღოს ფოტო-ვიდეო მასალები, ჩაიწეროს ხმები და სატელეფონო საუბრები, აგრეთვე დააკვირდეს ტელეფონის ეკრანზე მიმდინარე პროცესებს. დამატებით, ჯაშუშური პროგრამა იძლევა წვდომას ტელეფონის მფლობელის GPS-ზე, მისი ადგილმდებარეობის განსასაზღვრად.