საფრანგეთის პრეზიდენტმა ჯაშუშური პროგრამის გარშემო აგორებული სკანდალის გამო ტელეფონი შეცვალა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ჯაშუშური პროგრამის გარშემო აგორებული სკანდალის გამო ტელეფონი შეცვალა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჯაშუშური პროგრამის გარშემო აგორებული სკანდალის გამო ტელეფონი შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, მაკრონმა ასევე მოითხოვა უსაფრთხოების პროტოკოლების გადახედვაც.

მანამდე, ფრანგულმა გამოცემა „ლე მონდმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ჯაშუშური პროგრამა „პეგასუსის“ საშუალებით მაროკოს სპეცსამსახურები სავარაუდოდ უთვალთვალებდნენ საფრანგეთის პრეზიდენტს და კიდევ რამდენიმე ფრანგ მინისტრსაც.

მაროკოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია უარყო და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.

ისრაელის „ენესოუ გრუპის“ პროგრამა „პეგასუსი“ ერთ-ერთ საუკეთესო ჯაშუშურ პროგრამად ითვლება სმარტფონებისთვის. მისი გამოყენებით ობიექტის თვალთვალი რეალურ რეჟიმშია შესაძლებელი.

პროგრამა აკოპირებს გაგზავნილ და მიღებულ შეტყობინებებს, აგროვებს ფოტოებს და იწერს სატელეფონო საუბრებს.

ამას გარდა, „პეგასუსით“ შესაძლებელია სმარტფონის კამერის და მიკროფონის კონტროლი, რაც მიყურადებას და თვალთვალს აიოლებს. პროგრამის საშუალებით შესაძლებელია მისი მფლობელის ადგილსამყოფელის დადგენაც.

ენესოუ გრუფი“ ამტკიცებს, რომ მისი პროგრამის ყიდვა მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს შეუძლიათ და ის ტერორიზმთან და დანაშაულთან ბრძოლისთვისაა განკუთვნილი.

ჯერ კვლავ უცნობია, იყო თუ არა დაყენებული პროგრამა „პეგასუსი“ საფრანგეთის პრეზიდენტის ტელეფონზე, თუმცა მაკრონის ტელეფონის ნომერი იყო იმ 50 000 ნომერს შორის, რომელთა მფლობელებიც თვალთვალის სამიზნეს წარმოადგენდნენ. მათ შორის, არიან სხვადასხვა სახელმწიფოების მეთაურები, საწარმოების ხელმძღვანელები და აქტივისტები.

„პეგასუსი“ არამიზნობრივი გამოყენების შესახებ გამოძიება უკვე დაიწყო უნგრეთმა, ისრაელმა და ალჟირმა.