ისრაელის თავდაცვის სამინისტრო საფრანგეთს ჯაშუშური პროგრამა „პეგასუსის“ შემქმნელ კომპანიასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის
ისრაელის თავდაცვის სამინისტრო საფრანგეთს ჯაშუშური პროგრამა „პეგასუსის“ შემქმნელ კომპანიასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო საფრანგეთს გადასცემს წინასწარი მოკვლევის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას კომპანია NSO Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული კერძო კომპანიის მიერ შექმნილი ჯაშუშური პროგრამის, „პეგასუსის“ პოტენციურ სამიზნე ობიექტებს შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სახელდებოდა.

მედიის ცნობით, როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, თავდაცვის მინისტრი ბენი განცი გაემგზავრება პარიზში, სადაც ფრანგ კოლეგა ფლორენს პარლისთან ლიბანის სამთავრობო კრიზისისა და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხს განიხილავს. უწყების ცნობით, ბენი განცი საფრანგეთი თავდაცვის მინისტრს ასევე მიაწვდის ინფორმაციას კომპანია NSO-სთან დაკავშირებით.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო კიბერდაზვერვის ტექნოლოგიების კომერციული ექსპორტის ზედამხედველია.

გასულ კვირაში 17-მა მედიასაშუალებამ პარიზში დაფუძნებულ ორგანიზაცია „აკრძალული ისტორიების“ ხელმძღვანელობით გამოაქვეყნა ინფორმაცია NSO Group-ის მერ შექმნილი ჯაშუშური პროგრამის შესახებ. მედიასაშუალებებმა მოიპოვეს ტელეფონების ნომრების სია, რომლებსაც შესაძლოა, ჯაშუშური პროგრამის გამოყენებით უთვალთვალებდნენ. კვლევის ავტორების ინფორმაციით, სიაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მობილურის ნომერიც იყო.

პროგრამა „პეგასუსი“ ერთ-ერთ საუკეთესო ჯაშუშურ პროგრამად ითვლება სმარტფონებისთვის. მისი გამოყენებით ობიექტის თვალთვალი რეალურ რეჟიმშია შესაძლებელი. პროგრამა აკოპირებს გაგზავნილ და მიღებულ შეტყობინებებს, აგროვებს ფოტოებს და იწერს სატელეფონო საუბრებს.

ამას გარდა, „პეგასუსით“ შესაძლებელია სმარტფონის კამერის და მიკროფონის კონტროლი, რაც მიყურადებას და თვალთვალს აიოლებს. პროგრამის საშუალებით შესაძლებელია მისი მფლობელის ადგილსამყოფელის დადგენაც.

NSO Group ამტკიცებს, რომ მისი პროგრამის ყიდვა მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს შეუძლიათ და ის ტერორიზმთან და დანაშაულთან ბრძოლისთვისაა განკუთვნილი.