რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე დიზელში გოგირდის შემცველობა ნორმაზე სამჯერ მეტი აღმოჩნდა
რამდენიმე ავტოგასამართი სადგური შესაძლოა დაჯარიმდეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმებული ათი ავტოგასამართი სადგურიდან სამში გოგირდის შემცველობამ ნორმას მნიშვნელოვნად გადააჭარბა. დარღვევაზე დაწყებულია სამართალწარმოება, რაც დაჯარიმებას ითვალისწინებს 8000 ლარის ოდენობით.
„თბილისში, ქვემო ქართლსა და კახეთში შემოწმდა ათი ავტოგასამართი სადგური. აქედან, ერთ შემთხვევაში დიზელში გოგირდის შემცველობა 308 მგ/კგ იყო, მეორე ავტოგასამართ სადგურში 347 მგ/კგ, ხოლო მესამეს შემთხვევაში დიზელში გოგირდის შემცველობა 372 მგ/კგ-ს აღწევდა“,- განუცხადეს პირველ არხს გარემოს დაცვის სამინისტროში.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრიდან დიზელში ნორმად 100 მილიგრამი გოგირდია განსაზღვრული. 2019 წლის 1 იანვრიდან დიზელში გოგირდის შემცველობა 50 მილიგრამამდე უნდა შემცირდეს.
ევრო ხუთის სტანდარტის მიხედვით კი ნორმა ათი მილიგრამია. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დიზელის ხარისხი ევროხუთის სტანდარტს დაახლოებით სამ წელში დაუახლოვდება.