რამდენად ეფექტიანია კოღოების მოსაგერიებელი ხალხში გავრცელებული მეთოდები — მეცნიერების პასუხი #1tvმეცნიერება
რამდენად ეფექტიანია კოღოების მოსაგერიებელი ხალხში გავრცელებული მეთოდები — მეცნიერების პასუხი #1tvმეცნიერება

არსებობს ერთი არსება, რომელიც ზაფხულის საღამოებს გვიშხამებს: კოღო. გარდა იმისა, რომ ზოგჯერ დაავადებები გადააქვთ, მათი ნაკბენი საკმაოდ უსიამოვნოა.

ალბათ ყველას გვყავს მეგობარი, რომელიც მთლიანად კოღოს ნაკბენებით არის აჭრელებული და მეორე მეგობარი, რომელსაც ერთი ნაკბენიც კი არ აქვს. ამის მიზეზი ის არის, რომ კოღოები საკბენად ადამიანებს სუნით ეძებენ და ზოგიერთ ადამიანს მათთვის უკეთესი სუნი აქვს. ჩვენი სუნი შეგვიძლია შევცვალოთ სუნამოთი, საპნით, კვების რაციონით და ა. შ. მაგრამ საინტერესოა, რომელი ასეთი ცვლილება დაგვიცავს კოღოს კბენისგან?

საპნის ბრენდი

ყველამ ვიცით, რომ საპონი სუნზე გავლენას ახდენს, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც ერთსა და იმავე საპონს იყენებენ, შეიძლება მაინც სხვადასხვანაირი სუნი ჰქონდეთ. წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ზოგიერთი ბრენდის საპნით დაბანა კოღოებს უფრო იზიდავს, ზოგიერთით კი პირიქით, აფრთხობს. ზოგისთვისაც სულ ერთია, რომელი საპნით დაიბანს, კოღოებზე ეს გავლენას არ ახდენს.

ბანანი

ამ ზაფხულს, კოღოების თავიდან ასარიდებლად, შეიძლება ბანანზე უარის თქმა მოგიწიოთ. კვლევის მიხედვით, ზოგიერთ ადამიანს კოღოები ხელებზე უფრო კბენენ ბანანის ჭამის შემდეგ.

თუმცა, ასე არ არის ყველა ხილის შემთხვევაში. იგივე მეთოდი გამოსცადეს ყურძენზე, მაგრამ კოღოების მიზიდვის თვალსაზრისით, რაიმე ცვლილება არ დაფიქსირდა.

ლუდი

2010 წელს ჩატარებულ კვლევაში გაზომეს, რამდენად ადვილად პოულობდნენ კოღოები ადამიანებს ლუდის ან წყლის დალევის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ლუდის დალევის შემდეგ, ცდაში მონაწილეთა სხეულის სუნი კოღოებისთვის უფრო მიმზიდველი გახდა.

ამ მიმართულებით ცვლილება არ აღინიშნა წყლის დალევის შემდეგ. თუ ფიქრობთ, რომ ამ ზაფხულს ეს მსხვერპლი გიღირთ, მოგიწევთ ლუდზე უარის თქმა.

დეოდორანტი

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დეოდორანტებში შემავალი ნაერთი (იზოპროპილ ტეტრადეკანოატი) კოღოებს იგერიებს, რადგან ხელს უშლის დეოდორანტით დაფარულ ზედაპირზე დაჯდომაში. უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევაში, კანზე კოღოების დაჯდომა 56 პროცენტით შემცირდა. წარმოიდგინეთ, რამდენით ბევრ ნაკბენს ნიშნავს ეს.

უფრო მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ დეოდორანტი ვარჯიშისასაც ატაროთ, რადგან Nature-ში გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, კოღოებს ოფლიანები უფრო იზიდავთ.

ნიორი და ვიტანიმი B

ბევრი ადამიანი, კოღოების მოსაგერიებელ შინაურ მეთოდს მიმართავს — ჭამს ნიორს და იღებს ვიტანიმი B-ის საკვებ დანამატებს. 2005 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნივრის ან პლაცებოს ჭამის შემდეგ, ადამიანები კოღოებთან მოათავსეს. ჩაიწერეს კოღოების კბენის რაოდენობა. ვერ მიაგნეს ვერანაირ მტკიცებულებას, რომ ნიორმა კოღოები მოიგერია.

იმავე წელს ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის თანახმად, კოღოებისგან არც ვიტანიმი B-ის საკვები დანამატები გვიცავს.

დიეთილტოლუამიდი

დიეთილტოლუამიდი (Deet) ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც მრავალ მწერს იგერიებს და შიშველ კანზე გამოიყენება. მას კარგი სუნი ნამდვილად არ აქვს (არც ჩვენთვის და არც მწერებისთვის) და ოდნავ ზეთოვანიც არის, მაგრამ Deet-ის შემცველი მწერების მოსაგერიებლები ხშირად კოღოებისგან ყველაზე დიდხანს გვიცავს სხვა საშუალებებთან შედარებით.

ტანსაცმლის დამუშავება ინსექტიციდებით

თუკი კოღოების მოსაგერიებელი საშუალების პირდაპირ კანზე წასმის იდეა არ მოგწონთ, შეგიძლიათ, ინსექტიციდი თქვენს ტანსაცმელს მიასხუროთ, მაგალითად, პერმეთრინი. ასე დამუშავებული ტანსაცმლის ტარება კოღოების მოგერიების ეფექტიანი საშუალებაა, რომელსაც არმიაშიც იყენებენ. კოღოები ხშირად დაუმუშავებელ ტანსაცმელშიც გვკბენენ, გარედან.

თუ ყველა ეს მეთოდი სცადეთ და კოღოები მაინც გკბენენ, ამის მიზეზი უკვე გენეტიკაა, რომელიც თქვენს სუნზე ახდენს გავლენას და შესაბამისად, კოღოების მიზიდვაზეც.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.