რამაზ საყვარელიძე - დღეს „ქართული ოცნება“ რომ დაიშალოს, ქართული პოლიტიკა კრიზისში აღმოჩნდება
რამაზ საყვარელიძე - დღეს „ქართული ოცნება“ რომ დაიშალოს, ქართული პოლიტიკა კრიზისში აღმოჩნდება

დღეს „ქართული ოცნება“ რომ დაიშალოს, ქართული პოლიტიკა აღმოჩნდება კრიზისში, რადგან პოლიტიკური სპექტრი პრაქტიკულად არ არის და ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება და პარლამენტის წარმართვა შეუძლია. ეს ჯგუფი რომ პარლამენტშიც დაიშალოს, შეიძლება მივიღოთ ქვეყანა, სადაც გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლება საკანონმდებლო ორგანოს. ეს ისეთი კრიზისი იქნება, რომლისგან გამოსავალიც ძებნა ძალიან ძნელია, სამწუხაროა, მაგრამ შესაბამისი ძალის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ამ ტიპის კრიზისის დროს შეუძლიათ აიღონ ხელისუფლება, დღეს არა გვყავს, – ამის შესახებ პირველ არხს პოლიტიკის საკითხებში ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ განუცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა და ფაქტი პოზიტიურად შეაფასა.

ანალიტიკოსის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამ ცხადყო, რომ მისი დაბრუნების მოტივაცია საყვედურებს მოიცავდა, კერძოდ მმართველი პარტიის მხრიდან როგორც შიგნით, ასევე ხალხთან და პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობის გამო. კითხვაზე, მოახერხებს თუ არა ერთი პოლიტიკოსი დაპირისპირებული წრეების მართვას და ვითარების შეცვლას, საყვარელიძე პასუხობს, რომ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ივანიშვილის მიმართ თავად გუნდის წევრებს.

„ორკესტრი კარგად უკრავს ან ცუდად უკრავს იმის მიხედვით, თუ როგორია დირიჟორი ამიტომაც, დირიჟორს ცალკე აპლოდისმენტები ეკუთვნის ხოლმე. ანალოგიურად ამ გუნდის წევრებისთვის თუ ივანიშვილი დირიჟორია და მათ ყურადღება აქვთ იმაზე, რომ შეასრულონ მითითება, მაშინ ერთი ადამიანი მოახერხებს იმას, რომ მთლიანობა ამუშავდეს სხვანაირად. თუ მან იცის ის მელოდია, რომელიც უნდა იმღეროს გუნდმა. თუ ამ ერთის მიმართ განსხვავებულმა დამოკიდებულებებმა იჩინა თავი, იქ ქაოსის მომენტებიც წამოიწევს წინ”, – აღნიშნავს საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსის თქმით, ახლა გუნდში საკადრო ცვლილებები აუცილებელია, რადგან მმართველი გუნდის ქმედებების ნაწილი, შეცდომებზე მეტყველებს, ამის ნათელი გამოხატულება კი საყვარელიძს განცხადებით, დღევანდელი პროტესტია.