რამ გამოიწვია მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში — მეცნიერული ახსნა #1tvმეცნიერება
რამ გამოიწვია მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში — მეცნიერული ახსნა #1tvმეცნიერება

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სირიის საზღვართან, უკიდურესად ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

სეისმომეტრის მონაცემები, რომელიც მიწისძვრის ტალღების გამომწვევ ბიძგებს ზომავს, მიუთითებს, რომ მიწისძვრა 7,8-დან 10-მდე მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

სეისმური ტალღები სენსორებმა მთელ მსოფლიოში დააფიქსირეს, მათ შორის, ბრიტანეთშიც კი.

მიწისძვრა მართლაც მასშტაბური იყო.

წყაროდან, ანუ ეპიცენტრიდან ზემოთ წამოსული ენერგიით გამოწვეულმა რყევამ მოსახლეობას საზარელი შედეგები მოუტანა.

დაინგრა მრავალი შენობა, ორივე ქვეყანაში დაიღუპა სულ მცირე 2000 ადამიანი, ვრცელდება ცნობები გაზსადენების დაზიანებით გამოწვეული ხანძრების შესახებაც.

რატომ მოხდა იქ

თურქეთის ეს ზონა მიწისძვრებისკენ არის მიდრეკილი, რადგან მდებარეობს დედამიწის ქერქის შემადგენელი სამი ტექტონიკური ფილის გადაკვეთაზე: ანატოლიის, არაბეთის და აფრიკის ფილების. არაბეთის ფილა ჩრდილოეთით, ევროპის მიმართულებით მოძრაობს და ანატოლიის ფილას (რომელზეც თურქეთი მდებარეობს) დასავლეთით გადაადგილებას აიძულებს.

ტექტონიკური ფილების მოძრაობა წნევას წარმოქმნის მათ საზღვრებთან არსებულ რღვევის ზონებში. მიწისძვრებს სწორედ ამ წნევის უცაბედი გამოთავისუფლება იწვევს.

თურქეთის მიწისძვრა

 

ეს მიწისძვრა სავარაუდოდ იმ ერთ-ერთ დიდ ნარღვევზე მოხდა, რომელზეც გადის საზღვარი ანატოლიისა და არაბეთის ფილებს შორის: ან ანატოლიის რღვევაზე, ან მკვდარი ზღვის რღვევაზე.

ორივე მათგანი ე. წ. დარტყმა-სრიალის რღვევებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთის წინ მოძრავ ფილებში გარკვეულ რყევებს იწვევენ.

გაცილებით დიდი, ვიდრე წინა მიწისძვრები

მიუხედავად იმისა, რომ ტექტონიკური ფილების გამუდმებული მოძრაობის გამო ამ რეგიონში ყოველწლიურად მრავალი მიწისძვრა ხდება, 6 თებერვლის მიწისძვრა განსაკუთრებით ძლიერი და გამანადგურებელი იყო, რადგან გამოთავისუფლდა ძალიან ბევრი ენერგია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) განცხადებით, ეპიცენტრიდან 250 კილომეტრის რადიუსში, 1970 წლის შემდეგ, 6 მაგნიტუდაზე მძლავრი მხოლოდ სამი მიწისძვრა მოხდა.

6 თებერვლის 7,8-მაგნიტუდიანი მიწისძვრა გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე ამ რეგიონში აქამდე მომხდარი ნებისმიერი სხვა; გამოთავისუფლდა იმაზე ორჯერ მეტი ენერგია, ვიდრე ამ რეგიონის წინა ყველაზე დიდი მიწისძვრისას (7,4 მაგნიტუდა).

თანამედროვე სეისმოლოგები მაგნიტუდის სკალას იყენებენ, რომელიც ასახავს მიწისძვრის შედეგად გამოთავისუფლებული ენერგიის რაოდენობას (რიხტერის სკალა მოძველებულია, მაგრამ მედიაში ხანდახან მაინც გაიგონებთ).

ეს სკალა არაწრფივია: თითოეული ნიშნული შეესაბამება ენერგიის 32-ჯერ ზრდას. ეს იმას ნიშნავს, რომ 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრისას 6000-ჯერ მეტი ენერგია გამოთავისუფლდა, ვიდრე საშუალო სიმძლავრის, 5 მაგნიტუდის მიწისძვრებისას, როგორებიც ამ რეგიონში ხშირად ხდება.

რატომღაც ხშირად გვგონია, რომ მიწისძვრის ენერგია ერთი ადგილიდან, იგივე ეპიცენტრიდან მოდის, მაგრამ სინამდვილეში, ის გამოწვეულია რღვევის ზონის გასწვრივ მოძრაობის შედეგად. რაც უფრო დიდია მიწისძვრა, მით უფრო დიდად არის გადაადგილებული რღვევის ზონა.

7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის გამოსაწვევად, სავარაუდოა, რომ მოძრაობა მოხდა 190 კილომეტრის სიგრძისა და 25 კილომეტრის სიგანის ზონაში. ეს იმას ნიშნავს, რომ რყევა ძალიან დიდ ზონაში უნდა ყოფილიყო შესაგრძნობი.

აფთერშოკები

დიდი მიწისძვრის შემდეგ ხდება მრავალი პატარა მიწისძვრა, რომლებსაც აფთერშოკებს უწოდებენ; მიზეზი ის არის, რომ ქერქი დაძაბულობაში მომხდარ ცვლილებებს ხელახლა ერგება. ასეთი ბიძგები ძირითადი მოვლენიდან რამდენიმე დღე ან წელიწადიც კი შეიძლება გაგრძელდეს.

თურქეთის მიწისძვრა

პირველი ბიძგიდან 12 საათის განმავლობაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში 6 მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის სამი მიწისძვრა დაფიქსირდა. პირველი ბიძგი 6,7 მაგნიტუდის იყო და პირველი შოკიდან 11 წუთის შემდეგ მოხდა; ასევე დაფიქსირდა მცირე მაგნიტუდის ასობით სხვა აფთერშოკი.

გვიან დილით, ჩრდილოეთით კიდევ ერთი დიდი მიწისძვრა მოხდა სხვა, მაგრამ მიმდებარე რღვევის სისტემაზე — სურგუს რღვევაზე.

ტექნიკურად ეს ბიძგი საკმარისად მძლავრი იყო, რომ ცალკე მიწისძვრად ჩაითვალოს, მაგრამ დიდი ალბათობით, გამოწვეულია პირველი მიწისძვრით და თავის მხრივ, საკუთარ აფთერშოკებს ისიც გამოიწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, აფთერშოკები ძირითად შოკზე მნიშვნელოვნად სუსტებია, ზოგჯერ მათაც ისეთივე გამანადგურებელი შედეგები აქვთ, რადგან კიდევ უფრო აზიანებენ პირველი ბიძგის შედეგად უკვე დაზიანებულ ინფრასტრუქტურას.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.