აღდგომის კუნძულის, იგივე რაპა-ნუის საიდუმლოს ხშირად „თვითგანადგურების იგავის“ სახელითაც მოიხსენიებენ, რადგან საქმე ეხება ადამიანების მიერ გარემოს ზედმეტად გამოყენებას და „ეკოციდს“.
აღდგომის კუნძულის ეს ამბავი იმდენჯერ გვესმის, რომ ფაქტადაც კი მიიჩნევა. თუმცა, ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც, შესაძლოა, რაპა-ნუის ხალხს სულ ტყუილად ვადანაშაულებთ თვითგანადგურებაში.
ახალი კვლევის მიხედვით, აღდგომის კუნძულის მცხოვრებნი სახელგანთქმული ქანდაკებებისთვის (მოაი) პლატფორმებს სულ მცირე 1750 წლამდე აგებდნენ, ანუ ევროპელების გამოჩენის შემდეგაც კი. აქამდე კი მიიჩნეოდა, რომ ამ საზოგადოების კოლაფსი დაახლოებით 1600 წელს მოხდა.
ორეგონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგის, რობერტ დი ნაპოლის განცხადებით, ზოგადი შეხედულების მიხედვით, ევროპელებს კუნძულზე დახვდათ კოლაფსირებული საზოგადოება. თუმცა, მათი დასკვნის მიხედვით, კუნძულზე უცხოელების გამოჩენის დროს, ადგილობრივი საზოგადოება მონუმენტების მშენებლობას კვლავ აქტიურად მისდევდა.
კუნძულის 150 პლატფორმიდან (იგივე „აჰუ“) 11-ის რადიონახშირბადულმა დათარიღებამ პირდაპირ ეჭვქვეშ დააყენა კოლაფსის ამბის ტრადიციული კომპონენტები.
მიჩნეულია, რომ პოლინეზიელებმა აღდგომის კუნძულის კოლონიზება პირველად მე-12 საუკუნესა და მე-13 საუკუნის დასაწყისში მოახდინეს; ახალი აღმოჩენების მიხედვით, ქვის მონუმენტების მშენებლობა 50 წლის შემდეგ დაიწყეს.
კარგი ქრონოლოგიური მონაცემების მქონე რამდენიმე მონუმენტზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მე-14 საუკუნის ნახევრიდან მე-15 საუკუნის ჩათვლით, აჰუს მშენებლოპის სწრაფი პერიოდი იდგა, რასაც მშენებლობის შედარებით ნელი პერიოდი მოჰყვა, რომელმაც მე-18 საუკუნის ნახევრამდე გასტანა.
უფრო მეტიც, როგორც ერთ-ერთი ქვის პლატფორმის ანალიზები მეტყველებს, ის სავარაუდოდ 1825 წელს არის აგებული, ანუ კუნძულის კოლონიზაციიდან დაახლოებით 600 წლის შემდეგ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღდგომის კუნძულის შესახებ ძირითადი ნარატივი მართალია, ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების კოლაფსის შემდეგ, ადგილობრივები მაინც პოულობდნენ დროს და ენერგიას ამ საკმაოდ რთული მშენებლობისათვის, რომელიც უზარმაზარი ოდენობის რესურსს მოითხოვდა.
არიზონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგისა და არქეოლოგის, ტერი ჰანტის განცხადებით, შეზღუდული რესურსებისა და იზოლაციის მიუხედავად, აღდგომის კუნძულის საზოგადოება მაინც მდგრადი იყო.
„კუნძულელები თავიანთ განსაცვიფრებელი მონუმენტების მშენებლობას ევროპელებთან გამანადგურებელი კონტაქტის შემდეგაც კი აგრძელებდნენ“, — ამბობს იგი.
ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ისტორიული ჩანაწერებიც. 1722 წელს, კუნძულს პირველად ჰოლანდიელი მეზღვაურები მიადგნენ; როგორც ისინი წერენ, ხედავდნენ, როგორ ატარებდნენ ადგილობრივები რიტუალებს ქვის უზარმაზარი ქანდაკებების (მოაი) წინ. მსგავს ფაქტს შეესწრნენ 1770 წელს ესპანელი მოგზაურებიც.
მაგრამ სადღაც ოთხი წლის შემდეგ, როცა აღდგომის კუნძულის ნაპირებს ბრიტანელი მკვლევრაი ჯეიმს კუკი მიადგა, მან და მისმა ეკიპაჟმა გადაყირავებული ქანდაკებები იხილა.
დღეისათვის, რაპა-ნუის საზოგადოების კოლაფსის ზუსტი მიზეზი ცხარე დებატების საგანია, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი დათმობაზე წავიდა დ აღიარებს, რომ ამ საქმეში დიდი როლი შეიძლება, ევროპელებმა ითამაშეს, ანდაც სულ მცირე, პასუხიმგებელნი იყვნენ ამ პროცესის დასრულებაზე.
როდესაც კუნძულზე უკვე გამქრალი იყო პალმის ხეები, შემცირებული იყო საარსებო რესურსები, მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები, ევროპელთა გამოჩენა შესაძლოა, ბოლო წვეთი ყოფილიყო.
როგორც ერთ-ერთი ბოლო კვლევა მიუთითებს, რაპა-ნუის ტყეები შესაძლოა, იმაზე სწრაფად მოისპო, ვიდრე მიგვაჩნდა, იმდენად სწრაფად, რომ მხოლოდ ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ და შეიძლება, ამის მიზეზი კუნძულზე შეჭრილი ვირთხები გახდნენ.
და რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია სხვა ადამიანებიც. წყნარი ოკეანის მიყრუებულ ნაწილში მდებარე აღდგომის კუნძული მაინც არ იყო დაზღვეული სხვა ხალხის შეჭრისგან.
1800-იან წლებში, სამხრეთ ამერიკიდან შეჭრილმა რაზმებმა კუნძულის ადგილობრივების ნახევარზე მეტი მონებად წაიყვანეს. დაავადებების, ნგრევისა და იძულებითი მიგრაციის გამო, 1877 წლისთვის კუნძულზე მხოლოდ 111 ადგილობრივიღა იყო დარჩენილი.
„მას შემდეგ, რაც კუნძულზე ევროპელები გამოჩნდნენ, აღწერილია მრავალი ტრაგიკული მოვლენა, რომლებიც გამოწვეული იყო დაავადებებით, მკვლელობებით, მონათმფლობელთა რეიდებითა და სხვა კონფლიქტებით. ყველა ეს მოვლენა კუნძულელებს გარედან დაატყდათ თავს და ეჭვგარეშეა, განამადგურებელი შედეგებიც მოიტანა“, — ამბობს ბინგჰემტონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი კარლ ლიპო.
მოკლედ რომ ვთქვათ, აღდგომის კუნძულის მოსახლეობა შესაძლოა, სულაც არ არის დამნაშავე საკუთარი თავის განადგურებაში და სხვა მრავალი ადგილობრივი ხალხის მსგავსად, ისინიც თეთრკანიანი ახალმოსახლეებისა და მოგზაურების მსხვერპლი გახდნენ.
ისტორიულ და ფიზიკურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ბრისტოლის უნივერსიტეტის არქეოლოგი კეტრინ ჯერმენი დარწმუნებულია, რომ აღდგომის კუნძულის საზოგადოების კოლაფსი არა საიდუმლო, არამედ უბრალოდ არასწორი წარმოდგენაა. ისიც ღრმად იზიარებს მოსაზრებას, რომ რაპა-ნუის ხალხს საკუთარი თავი არ გაუნადგურებია და ეს საზოგადოება სხვების მსხვერპლი გახდა.
კვლევა ჟურნალ Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია uanews.arizona.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.