რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას ბრალი წარედგინა
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას ბრალი წარედგინა

რაგბის კავშირში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი წარედგინა.

გამოძიება ბესელიას სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც იარაღის უკანონო ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ადვოკატ პაატა მეხროშვილის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

„ბატონი მერაბი არის ძალიან შეწუხებული და შეშფოთებული იმ გარემოებით, რაც მოხდა.

ბრალი წარედგინა 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მძიმე დაზიანებად მიიჩნია პროკურატურამ ის, რომ თითქოსდა დაზარალებულს პროფესიული შრომის უნარი შეეზღუდა, რაც არის სრული აბსურდი. დაზიანება არ ყოფილა იმ ხარისხის, რომ მას შეეზღუდოს პროფესიული შრომისუნარიანობა. მას ძვალიც კი არ დაზიანებია, რბილი ქსოვილები დაზიანდა. მისი ჯანმრთელობა სრულად იქნება აღდგენილი რამდენიმე კვირაში. ეს მუხლი არის თითიდან გამოწოვილი. გასროლისას მას არ ჰქონია განზრახვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიეყენებინა ვინმესთვის. ეს დაზიანება რეალურად იყო მიყენებული ასხლეტილი ტყვიის შედეგად.

რაც შეეხება მოტივს, რატომ მოხდა გასროლა, ეს არის დაკავშირებული სამსახურებრივ მოვალეობასთან და პირად მოტივებთან. ეს არ არის დაკავშირებული რაგბის კავშირის ფინანსებთან. მერაბს ფინანსებთან შეხება არ ჰქონია, მისი ხელმოწერით არც რაიმე გასხვისებულა.

თავდაპირველად წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი, რაც შესაძლოა გადაზრდილიყო ფიზიკურ დაპირისპირებაში და სწორედ ამის თავიდან აცილების, მისი შეკავებისა და შეშინების მიზნით, მან იატაკის მიმართულებით გაისროლა.

მას ჰქონდა რეგისტრირებული ორი იარაღი: ერთი – პნევმატური, რომელიც ამოღებულია გამოძიების მიერ და მეორე – ცეცხლსასროლი, ორივე რეგისტრირებული. ფორმისა და ზომის თვალსაზრისით, ორივე იარაღი იყო იდენტური. არ არის გამორიცხული, რომ პნევმატური იარაღი შეეშალა ცეცხლსასროლ იარაღში. ამას გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა ადვოკატმა.

გამოძიება მერაბ ბესელიას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც იარაღის უკანონო შენახვას და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით, მუხლი გადაკვალიფიცირდა და ბესელიას ბრალი დაუმძიმდა 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბესელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს.