რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მედიის დაფინანსება უნდა იყოს სტაბილური და ადეკვატური, პოლიტიკური ჩარევისგან დამოუკიდებელი
საზოგადოებრივი მედიის დაფინანსება უნდა იყოს სტაბილური და ადეკვატური, პოლიტიკური ჩარევისგან დამოუკიდებელი, – ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა რადკა ბეთჩევამ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის შეცვლაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ბეთჩევა აცხადებს, არსებობს საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების მკაფიო სტანდარტები, რომლებიც განსაზღვრულია ევროპის საბჭოს მიერ და ევროპის მაუწყებელთა კავშირის დაფინანსების პრინციპებით.
„საზოგადოებრივი მედია უნდა იყოს დამოუკიდებელი. დამოუკიდებლობა ერთ-ერთია იმ მთავარ ღირებულებებს შორის, რომლებიც დამტკიცებულია ევროპის მაუწყებელთა კავშირის ყველა წევრის მიერ 2012 წელს სტრასბურგში, გენერალურ ასამბლეაზე.
ეს ნიშნავს არა მხოლოდ ინსტიტუციურ და სარედაქციო დამოუკიდებლობას, არამედ ფინანსურ დამოუკიდებლობასაც.
არსებობს საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების მკაფიო სტანდარტები, რომლებიც განსაზღვრულია ევროპის საბჭოს მიერ და ევროპის მაუწყებელთა კავშირის დაფინანსების პრინციპებით.
საზოგადოებრივი მედიის დაფინანსება უნდა იყოს სტაბილური და ადეკვატური, პოლიტიკური ჩარევისგან დამოუკიდებელი, სამართლიანი და გამართლებული, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული.
საზოგადოებრივი მედიის დაფინანსება თუ იქნება დამოკიდებული მთავრობის ან პარლამენტის გადაწყვეტილებაზე, ის მარტივად გახდება პოლიტიკური ჩარევისა და ზეწოლის საგანი“,- რადკა ბეთჩევამ.
ამასთან, ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე სპეციალურ წერილს ამზადებს.
როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირში აცხადებენ, აღნიშნულ წერილს გაუგზავნიან ყველა შესაბამის პასუხისმგებელ უწყებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორც საგანგაშო სიგნალს ქვეყნიდან.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოხდა, რომლის ავტორია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. უქმდება მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.