EBU - „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში გაიგზავნება სპეციალური წერილი, როგორც საგანგაშო სიგნალი
EBU - „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში გაიგზავნება სპეციალური წერილი, როგორც საგანგაშო სიგნალი

ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის შეცვლას ეხება, სპეციალურ წერილს ამზადებს.

როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირში აცხადებენ, აღნიშნულ წერილს გაუგზავნიან ყველა შესაბამის პასუხისმგებელ უწყებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორც საგანგაშო სიგნალს ქვეყნიდან.

„რა თქმა უნდა, ამ ინიციატივით თქვენ გახდებით სახელმწიფო ორგანიზაცია და დამოკიდებულები იქნებით პოლიტიკოსების სურვილებზე. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ინიციატივა გავიდეს.

გთხოვთ, გვაცნობოთ, როდის გსურთ, ჩავერიოთ პროცესში. ეს ინიციატივა იქნება აშკარა წინააღმდეგობაში კონსტიტუციის ახალ მუხლთან, რომელიც საზოგადოებრივი მედიის დამოუკიდებლობას ეხება“,- აცხადებენ ევროპის მაუწყებელთა კავშირში.

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. ინიციატივა, რომლის ავტორია დეპუტატი რომან გოცირიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის შეცვლას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. უქმდება მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.