პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შეცვლის შესახებ რომან გოცირიძის პროექტის ინიცირება მოხდა
პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შეცვლის შესახებ რომან გოცირიძის პროექტის ინიცირება მოხდა

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტის ინიცირება მოხდა, რომლის ავტორია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე, უქმდება მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.

კანონპროექტის მიხედვით, უქმდება “მაუწყებლობის შესახებ” კანონის მოქმედი ნორმა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14 პროცენტით.

„დაფინანსების ეს წესი შემდგომი მხარჯავი დაწესებულების მიერ საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯის მიზეზი შეიძლება გახდეს. საერთაშორისო პრაქტიკაში არც ერთი შემთხვევა არ გვხვდება, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება დამოკიდებული ყოფილიყო ქვეყნის მშპ-ს მოცულობაზე. ეს ნორმა გაუმართლებელია საბიუჯეტო პრეცედენტების სახითაც.

ამასთანავე, აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს დროებით ნორმას, რომელიც უკვე რვა წელია მოქმედებს და მისი გადახედვის თაობაზე საკითხი არ დასმულა. თავის მხრივ, ეს ნორმა ძირითადი ნორმის ამოქმედებას აბრკოლებს, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი უნდა იქმნებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახდელიდან“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.