რადიომაუწყებლებისთვის ლიცენზიის ვადის გაგრძელება, 2025 წლის ნაცვლად, 2026 წლის 31 დეკემბრამდე იგეგმება
რადიომაუწყებლებისთვის ლიცენზიის ვადის გაგრძელება, 2025 წლის ნაცვლად, 2026 წლის 31 დეკემბრამდე იგეგმება

რადიომაუწყებლებს ლიცენზიის ვადა 2025 წლის ნაცვლად, 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელდებათ. შესაბამის ცვლილებებს 21 ივნისს ბიუროს სხდომაზე წარადგენენ. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ვადა ერთჯერადად, უსასყიდლოდ, ავტომატურად გაგრძელდება და მაუწყებელმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით უნდა მიმართოს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადა 34 რადიომაუწყებელს გაუგრძელდება და ამის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტი 170 ათასს ლარს ვერ მიიღებს. ცვლილებების მომზადების მიზეზად პანდემია და წარმოშობილი ფინანსური პრობლემები სახელდება.

„2020 საანგარიშო წელს რადიოსამაუწყებლო კომპანიების საერთო შემოსავალი შეადგენს მაუწყებლობის სფეროს შემოსავლის მხოლოდ 6%-ს, დანარჩენი თანხა ტელემაუწყებლებზე მოდის. რადიო რეკლამის შემოსავალი კი, მთლიანი მაუწყებლის შემოსავლის მხოლოდ 8%-ს შეადგენს. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, 2020–2021 წლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენა რადიოსამაუწყებლო ბაზარი, რაც უარყოფითად აისახა რადიომაუწყებლების შემოსავლებზე“, – აღნიშნულია კანონპროექტში.