„რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა
„რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) ქართული სამსახურის ყოფილმა დირექტორმა დავით კაკაბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში, გადაცემა „ჰეშთეგში“ განაცხადა.
„ჩემს თანამშრომლებს, ყველას ვთხოვე, ძალიან მკაფიოდ, რომ დარჩნენ და განაგრძონ „რადიო თავისუფლებისთვის“ მუშაობა, ეს განსაკუთრებით ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი რამ კი ვერ მოვახერხე, ამაზე დამეთანხმებინა თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე, რომლის გადაწყვეტილებასაც ძალიან დიდ პატივს ვცემ რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ ის დარჩებოდა და თბილისის ბიუროს უხელმძღვანელებდა.
სამწუხაროდ, მან თქვა, რომ ამ პირობებში ვერ წარმოუდგენია მუშაობის გაგრძელება. ამის შესახებ თანამშრომლებს უკვე აცნობა“,- განაცხადა „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის ყოფილმა დირექტორმა.
„რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც დავით კაკაბაძემ პირველ არხს განუცხადა, მისი გათავისუფლების მთავარი მიზეზი რუსთავი 2-თან თანამშრომლობის საკითხი გახდა.