„რადიო თავისუფლების“ ცნობით, საფრანგეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრობა ევროკავშირში გაწევრიანებას არ გულისხმობს
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, საფრანგეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრობა ევროკავშირში გაწევრიანებას არ გულისხმობს

საფრანგეთი მიიჩნევს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრობა ევროკავშირში გაწევრიანებას არ გულისხმობს. ამის შესახებ საუბარია საფრანგეთის მთავრობის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ ორ დოკუმენტში, რომლებიც 2019 წლის ოქტომბრითა და 2020 წლის იანვრით თარიღდება. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

როგორც ირკვევა, საფრანგეთმა ბრიუსელში აღნიშნული დოკუმენტები იმ საკონსულტაციო პროცესის ფარგლებში გააგზავნა, რომელიც ევროკომისიის ინიციატივით დაიწყო. ეს პროცესი მარტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი პერსპექტივის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებით უნდა დასრულდეს.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, საფრანგეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრობა ევროკავშირში გაწევრიანებას არ გულისხმობს. ამასთან პარიზის მოსაზრებით, პროგრამის დაფინანსების ნახევარზე მეტი გარემოსდაცვით ინიციატივებში უნდა დაიხარჯოს.

„ჩვენმა პასუხისმგებლობამ კოლექტიურად უნდა დაგვიცვას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრებში ილუზიების გაღვივებისგან“, – აცხადებს საფრანგეთის მთავრობა.

ამასთან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ „დაფუძნებულია ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობაზე“, თუმცა გამორიცხავს „ევროკავშირში ინტეგრაციისა ან გაწევრიანების ყველა პერსპექტივას ან მექანიზმს“.

„პროგრამის მიზანია, ჩვენი პარტნიორების მდგრადობის განმტკიცება, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში. კორუფციასთან ბრძოლასა და ეკონომიკის მოდერნიზაციაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

„რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში ევროკავშირის დიპლომატმა, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ამხელს, განაცხადა, რომ „პარიზს არ სურს, სამეზობლოში ისეთი რამის გაკეთება, რაც პოტენციურად გაანაწყენებს მოსკოვს“.

ამასთან ერთად საფრანგეთი ითხოვს, რომ დამტკიცდეს ე.წ. „მწვანე დღის წესრიგი“, რომელიც ბრიუსელში, ივნისში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე უნდა დამტკიცდეს.

„ჩვენი საერთო მიზანი არის კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა, რაც გულისხმობს „მწვანე შეთანხმების“ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრებზე გავრცელებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკავშირმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა 2009 წელს წამოიწყო. პროგრამის მონაწილეები არიან საქართველოს, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი.