რადას დეპუტატი მარიანა ბეზუგლაია - უკრაინის დედაქალაქი საფრთხეშია, რუსეთი ცდილობს, სხვადასხვა მეთოდით გარღვევა მოახდინოს კიევის მიმართულებით
უკრაინა უკვე 17 საათია, იბრძვის და წინააღმდეგობას უწევს უზარმაზარ, აგრესიულ ქვეყანას და არანორმალურ ლიდერებს, რომლებიც ამ ქვეყანას ხელმძღვანელობენ, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, მარიანა ბეზუგლაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„დედაქალაქი ახლა საფრთხეშია. რუსეთის ფედერაცია ცდილობს, გარღვევა მოახდინოს კიევის მიმართულებით, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით“, – განაცხადა ბეზუგლაიამ.
მისი თქმით, ქვეყანაში შეტევა რამდენიმე მიმართულებით მიდის,სიტუაცია ყოველ ნახევარ საათში და ხანდახან, რამდენი წუთშიც კი იცვლება.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორია უკრაინის თავდაცვის უნარი და რამდენად შესწევს ქვეყანას უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს მოწინააღმდეგეს, რადას წევრმა განაცხადა, რომ უკრაინა ყოვლისმომცველი თავდაცვის რეჟიმშია, პირველ რიგში, საკუთარი თავის იმედი აქვს და მადლობელია მსოფლიოს ყველა ქვეყნის.
„ახლა ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვჭირდება. იმიტომ, რომ ვიბრძვით იმ ჩვეული მსოფლიო წესრიგისთვის, რომელიც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა“, – განაცხადა ბეზუგლაიამ.
შეკითხვაზე, რამდენად საკმარისია დასავლეთის სანქციები რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ჰქონდა თუ არა უკრაინას მეტის მოლოდინი, მარიანა ბეზუგლაიამ აღნიშნა, რომ უკრაინა მხარდაჭერის მადლიერია, მაგრამ სანქციები საკმარისი არ არის.
„არსებობს უფრო მგრძნობიარე სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის. ეს არის რუსეთის სვიფტის სისტემიდან გათიშვა, რასაც შეიძლება, ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდეს, მაგრამ ამჟამად, ასეთი ვითარებაა, რომ უკრაინა 17 საათის განმავლობაში უძლებს შემოტევას. აგრესია გახლავთ ისეთი მსხვილმასშტაბიანი, როგორიც უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში არ ხდებოდა. ასეთი ომი ევროპაში არ ყოფილა და ამიტომ, სანქციური პოლიტიკა და მხარდაჭერა, დახმარება უნდა იყოს მაქსიმალური და ჩვენ მეტს ველოდებით“, – განაცხადა ბეზუგლაიამ.
მარიანა ბეზუგლაიამ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოს მხრიდან თავშეკავებული რეაქციის შემდეგ რუსეთის ფედერაციას საშუალება მიეცა, თავისი ტოტალიტარული ხედვა განევითარებინა.