რადას დეპუტატი ფიოდორ ვენისლავსკი - რუსეთის პროგრამა მაქსიმუმი ჩავარდა, ოკუპანტი ქვეყანა პროგრამა მინიმუმსაც ვერ მიაღწევს
რუსეთის პროგრამა მაქსიმუმი, მთელი უკრაინის ოკუპირება, ჩავარდა, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ფიოდორ ვენისლავსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ჩვენ ძალიან დიდი დარტყმა მივაყენეთ რუსეთის ცოცხალ ძალას. დაახლოებით, 20 000 ჯარისკაცი დაიღუპა, განადგურებულია 300 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 1 000-ზე მეტი სხვადასხვა დაჯავშნული მანქანა, ტანკები და სხვა ტექნიკა. მტერმა ძალიან სერიოზული მარცხი განიცადა და ახლა ცდილობენ საკუთარი წარმატების რეალიზებას პროგრამა მინიმუმში. ეს არის ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაცია და სახმელეთო დერეფნის მომზადება ყირიმთან დასაკავშირებლად. ეს არის ნაწილობრივ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპაცია“, – განაცხადა ვენისლავსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ამ მიმართულებით გაძლიერებას ცდილობს, ხდება ძალების გადაჯგუფება, პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის შევსება.
„ჩვენს სამხედრო ძალებს გააჩნიათ სიტუაციის კონტროლი. ვიცით, რა უნდა მტერს, როგორ აღვუდგეთ წინ და ოკუპანტი ქვეყანა პროგრამა მინიმუმსაც ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ვენისლავსკიმ.
უკრაინის რადას დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – რუსული კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა რაკეტებმა, სახელად „ნეპტუნი“, შეტევა განახორციელეს და შავი ზღვის აკვატორიიდან სხვა ხომალდები მიიმალნენ, რათა უსაფრთხოდ იყვნენ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა უკრაინას მოლოდინი, რომ კიევის ოლქიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ ქვეყნის დედაქალაქი შეიძლება, კვლავ გახდეს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, რადგან, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, თუ უკრაინელი სამხედროების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე „საბოტაჟის მცდელობები“ და ავიაიერიშები არ შეწყდება, რუსეთის შეიარაღებული ძალები დარტყმას განახორციელებენ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე, მათ შორის კიევში, ფიოდორ ვენისლავსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ახალი არაფერი ყოფილა.
„პირველი დღიდან, რუსეთი სარაკეტო დარტყმებს აყენებს სხვადასხვა ქალაქს, სამშვიდობო ინფრასტრუქტურის ცენტრებს და ის, რაზეც გვემუქრებიან, რომ დაბომბავენ, მათი დაბომბვა მანამდეც მოხდებოდა ბალისტიკური რაკეტებით, მაგრამ მტერმა ამაში წარმატებას ვერ მიაღწია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ შემდგომ ტერორისტულ შეტევებს კიევზე“, – განაცხადა ვენისლავსკიმ.
როგორც ვენისლავსკიმ აღნიშნა, ის, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ტერორისტულ შეტევას ახორციელებენ, არის რუსული რიტორიკა, რაც უკრაინას არ აშინებს, არ აოცებს და ეს რიტორიკა არც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ახალი, რადგან რუსეთს იგივე რიტორიკა ჰქონდა საქართველოს ომის დროს.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა პერსპექტივა მოლაპარაკებების გაგრძელებას იმ საომარი მოქმედებების პარალელურად, რაც უკრაინაში მიმდინარეობს, ფიოდორ ვენისლავსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკება არის ერთ-ერთი ძირითადი გზა, რომ ეს სისხლისმღვრელი ომი დასრულდეს, რაც უკრაინის ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის.
„ჩვენ შევეგუეთ იმას, რომ რუსეთი ხელშეკრულებებს ძალის დემონსტრირებითა და მუქარით აწარმოებს. ახლა, როდესაც არ გააჩნია ხილვადი წარმატებები, რუსეთის ფედერაცია ცდილობს, მოლაპარაკებების პროცესი გააჭიანუროს, რათა რუსეთის მოქალაქეებს ანახოს, რომ უკრაინის ომში რაღაც წარმატებებს აღწევს. ჯერჯერობით, ეს არ გამოსდით და ამიტომ, მოლაპარაკებებზე არგუმენტები იყო მოსმენილი, ეს გახლავთ განხილვის საკითხი და დაველოდოთ მოლაპარაკების პროცესის განვითარებას“, – განაცხადა ფიოდორ ვენისლავსკიმ.