რა წერია თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებით განჩინებაში, რომელიც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით გამოიცა
რა წერია თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებით განჩინებაში, რომელიც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით გამოიცა

თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

კერძოდ, მოსამართლე ივანე ღლონტმა დაადგინა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ ქმედების განხორციელება, რომლითაც ისინი დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უზრუნველყოფენ ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში(მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ან რეინტეგრაცია) გადაყვანას.

„განმცხადებელს შესაბამისი სარჩელის აღძვრისთვის განესაზღვრა 10 დღე და განემარტა, რომ სარჩელის აღნიშნულ ვადაში არაღძვრის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას დროებითი განჩინების გაუქმების თაობაზე. განჩინება შეიძლება, გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მხარისთვის მისი ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით“, – აღნიშნულია სასამართლოს დროებით განჩინებაში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დღეს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ანა არგანაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას მხოლოდ შშმ ბავშვების უფლებების დაცვა შეუძლია სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ პანსიონში საფრთხე ეხება იქ მცხოვრებ ყველა ბავშვს.

„სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე ზუსტად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს კანონი, ამიტომ სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ, მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის. ტექნიკური დეტალი, რომელიც გვეუბნება, რომ შშმ პირები უნდა გავიდნენ, არის მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკა. ჩვენ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ იქ არის საფრთხე, არ შეიძლება რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონმდებლობით ჩვენ მხოლოდ შშმ ბავშვების უფლებების დაცვა შეგვიძლია სპეციალური მოსარჩელის სტატუსით“, – განაცხადა არგანაშვილმა.