საქალაქო სასამართლოში ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი გამოიკითხა

23:35, 02.12.2025

საქალაქო სასამართლოში ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

როგორც ჩახუნაშვილმა „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვები შეეხებოდა ისეთ ინფორმაციას, რაც საჯაროა და ყველას შეუძლია, გაეცნოს.

„გამოკითხვამ ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა. გამომკითხეს, სად დავიბადე, რა განათლება მაქვს, რა კვლევები მაქვს გამოქვეყნებული. ეს ყველაფერი შეეძლოთ, ენახათ. ასევე აინტერესებდათ, რა იყო კვლევაში, რაც ასევე საჯარო ინფორმაციაა. უფასოდ შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, ეს ნახოს. მე არ მასახელებენ წყაროდ. „ბიბისი“ 36:12 წუთიდან ამბობს, რომ ეს კვლევა არ იყო აგენტის გამოკვლევაზე. ჩვენ 347 ადამიანს დავუკავშირდით, თუ მოვიდოდნენ გამოკვლევაზე. მოვიდა 69 ადამიანი, გამოვიკვლიეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა, კაპილაროსკოპია, სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, წონა, წნევა, რის საფუძველზეც დავადგინეთ, რომ ამ ადამიანებში კარდიოლოგიური ცვლილებები იყო. „კამიტეზე“ ჩვენ კვლევაში საერთოდ არ გვაქვს არაფერი ნათქვამი. საიდან მიდის „კამიტეზე“ „ბიბისი“, ეს არის 36:12 წუთიდან. ნახავთ, კონკრეტულად, რომ შიგნიდან გაჟონა ინფორმაციამ, კონკრეტული ინვოისები აქვთ ამოღებული, კონკრეტული შტრიხკოდები, ადამიანები და შიდა ინფორმატორები, რომლებიც ჰყავს „ბიბისის“ გამოკვლეული. „კამიტზე“ მე კვლევა არ მქონია, „ბიბისი“ მივიდა იქამდე, რომ შსს-დან გავიდა ინფორმაცია, ერთი ნივთიერება დადგინდა რა იყო, მეორე ნივთიერება იყო ქოლგა ტოქსიკური ნივთიერებების და იქიდან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს გამოყენებული დარბევისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ, სავარაუდოდ, ეს შეიძლება, ყოფილიყო გამოყენებულიო. გადაწყვეტით კი არ თქვეს, ეს არისო. ამაზე მოაწყვეს ტანტრუმი, რასაც ახლა მთელი სახელმწიფო და პროპაგანდისტული მედია აკეთებს და, შესაბამისად, გინდათ, რომ ჩემზე გადატეხოთ ჯოხი?! სიამოვნებით, მე რომ გამომეკითხა და მე რომ მყოლოდა ინფორმატორები, გეტყოდით, რომ მე მომაწოდეს ინფორმატორებმა ეს ინფორმაცია, მაგრამ მე ეს ინფორმაცია არ მქონია. ეს ინფორმაცია აქვს „ბიბისის““, – განაცხადა ჩახუნაშვილმა.

ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს.

ამასთან, „ქართული ოცნება“ „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

მსგავსი