რა წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, სახელწოდებით - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“
რა წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, სახელწოდებით - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში (საქართველო) საქართველოს მოქალაქეების − არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს, დაჟინებით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, თავი შეიკავოს საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის საქმეების დეტალური გამოძიებისთვის ხელის შეშლისაგან და უზრუნველყოს დამნაშავეთა მიმართ მართლმსაჯულების აღსრულება, – ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო

პირველი არხი გთავაზობთ რეზოლუციის „10 წელი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ“ არაოფიციალურ თარგმანს:

„1. კვლავ ადასტურებს რა, რომ სრულად იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას და ეუთო-ს ყველა ნორმას, პრინციპსა და ვალდებულებას, რომელთაც სათავეს უდებს ჰელსინკის დასკვნითი აქტი, პარიზის ქარტია, 1992 წლის ჰელსინკის დოკუმენტი, 1994 წლის ბუდაპეშტის დოკუმენტი, 1996 წლის ლისაბონის დოკუმენტი და 1999 წლის სტამბოლის სამიტზე მიღებული ევროპული უსაფრთხოების ქარტია,

2. ითვალისწინებს რა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყველა სათანადო დოკუმენტს, მათ შორის, 2010 წლის ოსლოს, 2012 წლის მონაკოსა და 2016 წლის თბილისის დეკლარაციებს,

3. კვლავ ადასტურებს რა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარდაჭერას,

4. გამოხატავს რა ღრმა მწუხარებას იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგაც მოუგვარებელი რჩება და ამასთან დაკავშირებით ხაზს უსვამს რა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმების სრულად შესრულების, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაყვანისა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში (საქართველო) უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის, აუცილებლობას,

5. გამოხატავს რა შეშფოთებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში (საქართველო) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების, მათ შორის, ეუთო-ს შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტურების არაერთგზის დაუშვებლობის გამო,

6. მხარს უჭერს რა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევათა საპასუხო მნიშვნელოვან ფორმატს, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმების თანახმად,

7. გამოხატავს რა ღრმა შეშფოთებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ ანგარიშების გამო და კვლავ ადასტურებს რა მხარდაჭერას აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) დევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის ფუნდამენტური უფლებისა, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდნენ თავიანთ მშობლიურ ადგილებს,

8. აღნიშნავს რა, რომ 2009 წლიდან, საქართველოში ეუთო-ს მისიისა და გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის დახურვის შემდეგ, ევროკავშირის მონიტორინგის მისია არის ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომელიც თავის მანდატს, სამწუხაროდ, სრულად ვერ ახორციელებს, რადგან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა არ აქვს,

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა:

9. გამოდის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად, საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის პრინციპების შესაბამისად მოგვარების მოწოდებით;

10. მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ არის მიმართული და რომლის მიზანია, ერთი მხრივ, საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია და, მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგება და მათ შორის ნდობის აღდგენა;

11. მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში (საქართველო) მცხოვრებთა ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, აგრეთვე ხალხთაშორისი კავშირებისა და გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობას;

12. გამოდის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მიღწევის მოწოდებით, ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების დადასტურებისა და იმპლემენტაციის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში (საქართველო) უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების ჩათვლით;

13. კვლავ ადასტურებს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან თავისი სამხედრო დანაყოფები და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო) დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება;

14. გმობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში (საქართველო) საქართველოს მოქალაქეების − ბ-ნი ტატუნაშვილის, ბ-ნი ოთხოზორიასა და ბ-ნი ბაშარულის მკვლელობებს და დაჟინებით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, თავი შეიკავოს საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ბ-ნი ტატუნაშვილის, ბ-ნი ოთხოზორიასა და ბ-ნი ბაშარულის საქმეების დეტალური გამოძიებისთვის ხელის შეშლისაგან და უზრუნველყოს დამნაშავეთა მიმართ მართლმსაჯულების აღსრულება;

15. ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის, როგორც ადგილზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობას, დაიცვას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში (საქართველო) მცხოვრები ყველა ადამიანის ძირითადი თავისუფლებები და უფლებები და უზრუნველყოს ადგილზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაშვება;

16. დაჟინებით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დართოს იძულებით გადაადგილებულ პირებს თავიანთ მშობლიურ ადგილებში უსაფრთხოდ, ღირსეულად და დაუბრკოლებლად დაბრუნების ნება;

17. მოუწოდებს ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, გააძლიეროს თავისი ძალისხმევა ეუთო-ს სრულუფლებიანი და საგულისხმო წარმომადგენლობის აღსადგენად, რომელსაც ექნება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მის მთელ ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა“, – ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.