რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ მცირე და საოჯახო სასტუმროებს სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის
რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ მცირე და საოჯახო სასტუმროებს სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის

მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამა 12 თვემდე გახანგრძლივდა.

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 10 სექტემბრიდან, განახლებული პირობებით იწყებს განცხადებების მიღებას პროგრამაზე „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას და მათ ბაზარზე ოპერირების გაგრძელებას. კერძოდ, აღნიშნულ ინდუსტრიაში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტებისთვის დახმარება, რომელთაც ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ კომერციულ ბანკში აღებული სესხის დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა.

პროგრამის პირობები:

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, 2020 წლის 1-ლი მარტიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებას, როგორც აღნიშნული სესხისთვის 2020 წლის პირველ მარტამდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის დასაფარად ასევე 2020 წლის პირველი მარტის შემდეგ წარმოშობილი სასესხო ვალდებულებების დასაფარად.

არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;

არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში;

თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში დასაფინანსებელი სესხის წილის მაქსიმალური ოდენობა:

5 000 000 ლარს – ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;

1 750 000 აშშ დოლარს – აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში;

1 600 000 ევროს – ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში;

კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;

სასტუმრო უნდა მოიცავდეს მინიმუმ 4 ფუნქციონირებად ნომერს, რომლებიც განთავსებული უნდა იყოს, ერთ საკადასტრო კოდზე.

მეწარმე სუბიექტსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობა უნდა იყოს სასტუმროს მშენებლობა/გაფართოება/აღჭურვა/რემონტი/რეკონსტრუქცია/ სასტუმროს შეძენა / არასაცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა სასტუმროსთვის;

პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად.

პროგრამაში მონაწილე უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრირებული ინდ. მეწარმე ან იურიდიული პირი.

პროგრამაში მონაწილე უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში. რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge-ის მეშვეობით

განაცხადების მიღება 10 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი