ეკონომიკის სამინისტრო – მაღალი ეკონომიკური ზრდა მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს

12:17, 30.04.2026

საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ, საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, იანვარ-მარტში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა.

„ექსპორტმა 1,723.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.4%-იანი ზრდაა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გამორიცხვით) ამავე პერიოდში 75.1%-ით გაიზარდა. 2026 წლის მარტში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13.4%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წინა წლის მარტის მაჩვენებელთან შედარებით 2.3%-ით არის გაზრდილი. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის და გლობალურად ტურისტულ ნაკადებზე უარყოფითი გავლენის მიუხედავად, 2026 წლის I კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 0,5%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდული მოცულობა – 829.8 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო პირველ  კვარტალში საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა.

მსგავსი