რა ხმებს გამოსცემს ირმის ნახტომი - ჩვენი გალაქტიკის მოძრაობის მონაცემებით მუსიკა შექმნეს
19:29, 04.05.2018
ოდესმე გიფიქრიათ, როგორ შეიძლება ჟღერდეს ხმა, რომელსაც ირმის ნახტომი საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვისას გამოსცემს?
ერთ-ერთი ასტრონომის მიერ შექმნილი ახალი „მუსიკალური გამოხატულების“ მიხედვით, მას ჯაზის მსგავსი ტონები აქვს.
ამჰერსტის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ასტრონომმა მარკ ჰეიერმა შექმნა ალგორითმი, რომელიც ირმის ნახტომის დისკოს გაზების მოძრაობას მუსიკალური ნოტებით გადმოსცემს. მიღებულ კომპოზიციას მან „ირმის ნახტომის ბლუზი“ (Milky Way Blues) უწოდა.
„ამ კომპოზიციის წყალობით, მოუსმენთ ირმის ნახტომის მოძრაობას. ნოტები ძირითადად გადმოსცემს ჩვენი გალაქტიკის ცენტრის გარშემო მოძრავი გაზების სიჩქარეებს“, — აღნიშნავს ჰეიერი.
მკვლევარმა მუსიკალურ ნოტებად გარდაქმნა რადიოტელესკოპთა მიერ 20 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები.
ვარსკვლავთშორის სივრცეში არსებული გაზები სამ ფაზაში გვხვდება: ატომურში, მოლეკულურში და იონიზებულში. გარდა ამისა, ისინი ასევე მოძრაობენ გარკვეული მიმართულებით — ჩვენკენ ან პირიქით.
მათ სპექტრზე დაყრდნობით, გაზის ფაზები მუსიკალურ ინსტრუმენტებს მოარგეს — დაფდაფები და პიანინო მოლეკულურ გაზს, აკუსტიკური ბასი ატომურ გაზს და საქსოფონი იონიზებულ გაზს.
მაღალი ნოტები მიუთითებს ჩვენი მიმართულებით მოძრავ გაზზე, დაბალი ნოტები კი გაზზე, რომელიც გვშორდება. რაც შეეხება გრძელ ნოტებს, ისინი ძლიერი გამოყოფის ხაზებს გადმოსცემს.
ასტრონომიული მონაცემების მუსიკად გარდაქმნა ახალი იდეა სულაც არ არის. სინამდვილეში, „სფეროების მუსიკა“ ათასწლეულის ფილოსოფიური კონცეპტია — მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ციური სხეულების მოძრაობა გარკვეული სახის მუსიკად შეიძლება გარდაიქმნას. თუმცა, პრაქტიკაში ის უფრო ჰარმონიაა, ვიდრე ნამდვილი მუსიკა.
ამ კონცეპტზე დაყრდნობით, 1919 წელს ჯონათან კეპლერმა დაწერა წიგნი „მსოფლიოს ჰარმონია“, რომელშიც პლანეტებს ის მუსიკალურ ნოტებად აღწერდა, მათ ორბიტულ სიჩქარეებზე დაყრდნობით.
ბოლო დროს, ასტრონომები თავს იქცევენ თავიანთ მონაცემების მუსიკად გარდაქმნით.
2014 წელს მკვლევარმა დომენიკო ვიჩინანცამ „ვოიაჯერების“ მიერ შეგროვებული კოსმოსური გამოსხივების მონაცემები მუსიკალურ დუეტად გარდაქმნა.
გარდა ამისა, მუსიკა შექმნილია გამა-გამოსხივების მონაცემებისგანაც. გეტყვით, რომ გამა-გამოსხივება სამყაროში ყველაზე ძლიერი აფეთქებების შედეგად წარმოიქმნება.
მომზადებულია umass.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით