რა ხდება ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ [LIVE]
ბუკინგემის სასახლესა და ბალმორალის ციხე-სიმაგრესთან მოქალაქეები არიან შეკრებილი. მათ ადგილზე ყვავილები მიაქვთ და ელისაბედ მეორის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ბალმორალის ციხესიმაგრეში დღეს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„დედოფალი გარდაიცვალა მშვიდად ბალმორალის ციხესიმაგრეში დღეს შუადღისას“, – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.
ელისაბედ მეორე 1952 წელს ავიდა ტახტზე. ის ისტორიაში ყველაზე დიდხანს იმყოფებოდა ტახტზე. მას მხოლოდ საფრანგეთის მონარქი ლუი მეთოთხმეტე უსწრებს.
ელისაბედ მეორემ მმართველობის პერიოდში 15 პრემიერ-მინისტრი დანიშნა. უკანასკნელი იყო ლიზ ტრასი, რომელთანაც აუდიენცია მონარქმა ორი დღის წინ გამართა. დედოფალმა მმართველობის პერიოდში აშშ-ის 14 პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა.
ბრიტანეთის მონარქს ჰყავს ოთხი შვილი, რვა შვილიშვილი და 12 შვილთაშვილი. გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრეებს შორის პირველი არის პრინცი ჩარლზი, რომელიც 73 წლისაა.