მეფე ჩარლზი და მისი მეუღლე შოტლანდიის პარლამენტის სესიას დაესწრნენ, სადაც დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს
მეფე ჩარლზი და მისი მეუღლე შოტლანდიის პარლამენტის სესიას დაესწრნენ, სადაც დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს

მეფე ჩარლზი და მისი მეუღლე, დედოფალი-კონსორტი კამილა შოტლანდიის პარლამენტის სესიას დაესწრნენ, სადაც დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. ეს მონარქის სტატუსით ჩარლზის პირველი ვიზიტი იყო შოტლანდიის პარლამენტში. მეფეს ტრადიციული შოტლანდიური სამოსი – კილტი ეცვა.

სესიაზე სიტყვით გამოსვლისას შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა მეფე ჩარლზ მესამეს შოტლანდიელების სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩვენთვის უდიდესი პატივია, დღეს მისი უდიდებულესობა, მეფე ჩარლზ მესამისა და დედოფალ-კონსორტის სტუმრობა. თქვენო უდიდებულესობავ, ჩვენ მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ, როდესაც თქვენ აგრძელებთ მსახურებას და თქვენი საყვარელი დედის, ჩვენი დედოფლის განსაკუთრებული მემკვიდრეობის გაგრძელებას. დედოფალი ელისაბედი, შოტლანდიელების დედოფალი – ჩვენ მადლიერნი ვართ მისი სიცოცხლისთვის“, – განაცხადა შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა.

„მე ვიცი, რომ შოტლანდიის პარლამენტი და ხალხი ჩემთან ერთად იზიარებს ჩემი საყვარელი დედის გარდაცვალების ღრმა მწუხარებას. მისი მმართველობის მთელი ამ წლების განმავლობაში, დედოფალმა, ჩვენი ოჯახის მრავალი თაობის მსგავსად, ამ მიწაზე და მისი ხალხის გულებში იპოვა თავშესაფარი და სახლი. დედაჩემი, ისევე როგორც მე, გრძნობდა უდიდეს აღფრთოვანებას შოტლანდიელი ხალხის მიმართ, მათი დიდებული მიღწევებისა და დაუოკებელი სულისკვეთების მიმართ“, – განაცხადა მეფე ჩარლზმა შოტლანდიის პარლამენტში გამოსვლისას.

შოტლანდიის პარლამენტში ვიზიტის შემდეგ, მეფემ ედინბურგის საკათედრო ტაძარში დედოფლისთვის პატივის მისაგებად გამართულ მემორიალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ცერემონიას, მასთან ერთად, მისი და პრინცესა ანა და ძმები – პრინცი ენდრიუ და პრინცი ედვარდი ესწრებოდნენ.

ედინბურგის ტაძარში დედოფალთან გამოსამშვიდობებლად სამოქალაქო პირებიც მიდიან.

13 სექტემბერს ელისაბედ მეორის ცხედარს ლონდონში გადაასვენებენ.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალს 19 სექტემბერს ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალავენ.