ელისაბედ მეორე უინძორის სასახლის ტერიტორიაზე დაკრძალეს
ელისაბედ მეორე უინძორის სასახლის ტერიტორიაზე დაკრძალეს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე უინძორის სასახლის ტერიტორიაზე, მეფე ჯორჯ მეექვსის მემორიალურ სამარხში დაკრძალეს, მისი მეუღლის, ედინბურგის ჰერცოგის, ფილიპის გვერდით. ინფორმაციას „ბიბისის“ სამეფო ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

წმინდა ჯორჯის ეკლესიაში დაკრძალვის ცერემონია ვიწრო წრეში ჩატარდა და მას მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრები დაესწრნენ. რიტუალი მედიისთვის დახურული იყო.

მეფე ჯორჯ მეექვსის მემორიალური სამარხი წმინდა ჯორჯის ეკლესიაში მდებარეობს. იქ ასევე დაკრძალულია დედოფლის მამა ჯორჯ მეექვსე, დედა დედოფალი და მისი და, პრინცესა მარგარეტი.

უინძოირის სასახლის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიას მეფე ედვარდ მეოთხემ 1475 წელს ჩაუყარა საფუძველი. იქ დაკრძალულია გაერთიანებული სამეფოს ათი მონარქი, მათ შორის ჯორჯ მესამე და ჯორჯ მეოთხე. ეკლესიის სხვადასხვა სექციაში განისვენებენ სამეფო ოჯახის სხვა წევრები.

დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სამეფო ტახტს 70 წლის განმავლობაში იკავებდა.

გლოვა გაერთიანებულ სამეფოში 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი საჯარო ნაწილი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.