რა განაპირობებს მთების სიმაღლეს — დიდი ხნის საიდუმლო სავარაუდოდ საბოლოოდ ამოიხსნა
მართალია, ეს პროცესი შეიძლება მილიარდობით წელიწადს გაგრძელდეს, მაგრამ მთები ნამდვილად იზრდება; თუმცა, ზუსტად რა ფაქტორები აკონტროლებს ამ ზრდას, უკვე დიდი ხანია, მეცნიერებს შორის დავის საგანია. ახლახან, ამ საკითხზე შეიძლება, საბოლოო პასუხი მივიღეთ.
ახალი კვლევის მიხედვით, მთების ზრდას მათ ქვეშ არსებული ტექტონიკური ძალები აკონტროლებს და არა ზედა ნაწილების გადარეცხვა ან ეროზია. შესაბამისად, ტექტონიკური ფილების შეჯახების ზონებში არსებული მთებისთვის მაქსიმალურ სიმაღლეს ძირითადად განსაზღვრავს დედამიწის ქერქის სიღრმეში არსებულ ძალათა ეკვილიბრუმი.
როდესაც ტექტონიკური ფილები მოძრაობს და ერთმანეთის მიმართულებით გადაადგილდება, ერთი ფილა იძულებულია დედამიწის მანტიაში დაბლა მიმართულებით წავიდეს; როდესაც ფილები ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის და იკეცება, ამის შედეგად ზედაპირზე ჩნდება მთები. მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობდა, მთის სიმაღლის მთავარი წარმმართველი ეს პროცესი იყო თუ კლიმატთან დაკავშირებული სხვა პროცესები.
თამაშში ჩართულია მესამე ფაქტორიც, რომელსაც იზოსტაზიას უწოდებენ — ეს პროცესი მთებს ცხელი და რბილი მანტიის თავზე „შეტივტივებულს“ ინარჩუნებს; თუმცა მიჩნეულია, რომ ეს პროცესი ნაკლებად მნიშვნელოვანია და ნაწილობრივ მართულია დანარჩენი ორი პროცესის მიერ.
მეცნიერებმა ანალიზი ჩაუტარეს კონკრეტული ფილების საზღვრების სიძლიერეს და შექმნეს იმ სხვადასხვა ძალების მოდელი, რომლებიც ტექტონიკურ ფილებზე უნდა მოქმედებდეს; ამისათვის ნაწილობრივ გამოიყენეს ზედაპირთან ახლოს სიცხის ტალღის გაზომვები, როგორც ხახუნის ენერგიის შემცვლელი.
ამის შემდეგ, ჯგუფმა ეს მოდელები შეადარა ჰიმალაის, ანდების, სუმატრისა და იაპონიის მთების ქედების რეალურ სიმაღლეებს და მივიდა დასკვნამდე, რომ იმ მთებში, რომლებიც ჯერ კიდევ აქტიურად იზრდებიან, სიმაღლე და წონა ბალანსში რჩება უზარმაზარ მიწისქვეშა ძალებთან. თუ ქვეშ ხახუნი და დაძაბულობა იცვლება, იგივე ემართება მთის სიმაღლესაც.
„ეროზიულ პროცესებს შეუძლია მთის ტოპოგრაფიის მოდულირება და აქტიური რღვევის გამოწვევა, როგორც ამას კლიმატ-ტექტონიკის ურთიერთქმედებათა კონცეპტუალური და კომპიუტერული მოდელები გვთავაზობს“, — წერენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, აღმოჩენა მიუთითებს, რომ ეროზიას არ ძალუძს გადააჭარბოს ტექტონიკურ და იზოსტატიკურ პროცესებს, რომლებიც კონვერგენტულ კიდეებს ძალთა ეკვილიბრუმთან ახლოს ინარჩუნებს, რადგან ზედა ფილა რეალურად სუსტია.
მკვლევრები ამას ამსგავსებენ ხელების შეყოფას მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ, შემდეგ კი მათ ერთობლივ მოძრაობას — შუაში ამოზიდული გადასაფარებლის ნაკეცები მთებია, გადასაფარებელთან ხახუნი კი, რომელიც ხელების მოძრაობაში ხელს გიშლით, ტექტონიკური აქტივობაა.
უცნობია, ასეა თუ არა იმ მთების შემთხვევაშიც, რომლებიც სუბდუქციის ზონებთან ახლოს არ მდებარეობს, ანუ იქ, სადაც ერთი ტექტონიკური ფილა მეორის ქვეშ ცურდება; ამ შემთხვევებში ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ მთის სიმაღლეს ზღუდავს კლიმატური პირობები, მაგალითად, თოვლის ხაზის მდებარეობა.
გარდა ამისა, ახალი შედეგების უკეთ აღსაქმელად, გეოლოგებს დასჭირდებათ ხელახლა შეაფასონ საკუთარი იდეები მთიან ზონებში დედამიწის ქერქის სიძლიერის შესახებ.
სამომავლო კვლევები უფრო მეტ პასუხს მოგვიტანს, გაჩნდება უკეთესი მოსაზრებები მთების სიმაღლის მაკონტროლებელი ფაქტორების შესახებ. ამ დროისათვის, ახალი კვლევა გეოლოგებს ფიქრის ახალ გზას სთავაზობს ქერქის ქვეშ არსებული იმ ძალების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს პლანეტის ზედაპირზე გადაჭიმულ დიდებულ მთებზე.
„ჩვენი დასკვნით, მთის სიმაღლის დროებითი ცვლილებები არის ძალთა ბალანსის გრძელვადიანი ცვლილებების შედეგი, მაგრამ არ გახლავთ იმის მანიშნებელი, რომ მთის სიმაღლეს პირდაპირ აკონტროლებს კლიმატი“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.