ახალი კვლევის თანახმად, აღდგომის კუნძულის, იგივე რაპა-ნუის ხალხი სულაც არ გამხდარა საკუთარ ქმედებათა მსხვერპლი.
ახალ ყოვლისმომცველ კვლევაში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კუნძულის მოსახლეობა არ იყო იმდენად დიდი, რათა საკუთარ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად გარემოსადმი მიყენებული ზიანის გამო კოლაფსირებულიყო, როგორც ეს აქამდე მიიჩნეოდა.
მითი რაპა-ნუის ე.წ. ეკოციდის შესახებ უკვე ათწლეულებია არსებობს და მიიჩნეოდა ერთგვარ გაფრთხილებად იმისა, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებულმა გამოყენება. მეცნიერთა განცხადებით, ეს მითი მოძველებულ თეორიათა ურნაშია მოსასროლი.
ახალი აღმოჩენა კიდევ ერთი მტკიცებულებაა ბოლო დროს მზარდ მტკიცებულებათა სიაში, რომ წყნარი ოკეანის ამ კუნძულის მოსახლეობის შემცირებას არაფერი აქვს საერთო მათი ცხოვრების წესთან.
მოსახლეობის კოლაფსი 1700-იან წლებში იქ ევროპელთა გამოჩენიდან მალევე დაიწყო და სინამდვილეში, ამის მიზეზი უფრო უნდა ყოფილიყო მონებით ვაჭრობა, იძულებითი მიგრაცია და პათოგენების შეტანა.
აღმოჩენა ეფუძნება რაპა-ნუის ბაღების ნიადაგის ანალიზებს, სადაც კუნძულის მოსახლეობას მოსავალი მოჰყავდა.
მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც კოლუმბიის უნივერსიტეტის არქეოლოგი დილან დევისი ხელმძღვანელობდა, კუნძულის სხვადასხვა ადგილის თანამგზავრული დათვალიერება ჩაატარა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ბაღ-ბოსტნების რაოდენობა არ იყო იმდენი, რომ გამოეკვება დიდი მოსახლეობა — იმხელა, რომელსაც საკუთარ ქმედებათა გამო კოლაფსის გამოწვევა შეეძლებოდა.
„ეს იმას აჩვენებს, რომ მოსახლეობა არასოდეს ყოფილა იმხელა, რამხელასაც ზოგიერთი წინა შეფასება მიუთითებდა. შედეგები კოლაფსის თეორიის საწინააღმდეგოა. ხალხი ძლიერ მედეგობას აჩვენებდა შეზღუდული რესურსების პირისპირ, რადგან გარემოს ისე ცვლიდა, რომ ამისათვის გაეძლოთ“, – ამბობს დევისი.
ეკოციდის თეორიის თანახმად, რომლის პოპულარიზაციაც ამერიკელმა მკვლევარმა და ისტორიკოსმა ჯარედ დაიამონდმა მოახდინა, აღდგომის კუნძულზე ერთ დროს ათასობით ადამიანი ცხოვრობდა.
მოვლენათა დაიამონდისეული ვერსიით, ადგილობრივებმა ყველა ხე გაჩეხეს, რის გამოც, ნოყიერმა ნიადაგმა ეროზია დაიწყო. შედეგად, ვეღარ მოჰყავდათ ბევრი მოსავალი, რის გამოც, დაიწყო შიმშილობა, ომები, კანიბალიზმი და საბოლოოდ, კოლაფსი.
თუმცა, მეცნიერებმა სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება აღმოაჩინეს იმისა, რომ რაპა-ნუის ხალხი იმაზე გაცილებით მედეგი და რესურსებით სავსე იყო, ვიდრე ამას კოლაფსის ნარატივი მიუთითებდა.
გარდა ტკბილი კარტოფილისა, რომელიც კუნძულელებს თავიანთ ბოსტნებში მოჰყავდათ, ჭამდნენ ზღვის პროდუქტებსაც; სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს იმასაც, რომ ისინი კუნძულზე ჯერ კიდევ მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდნენ მაშინ, როცა იქ ევროპელები გამოჩნდნენ.
თუმცა, ბაღ-ბოსტნების წინა თანამგზავრული დათვალიერებები მხარს უჭერდა დიდ მოსახლეობას.
აღდგომის კუნძულის ფართობი 164 კვადრატული კილომეტრია; წინა ასეთი კვლევების მიხედვით, ბაღ-ბოსტნებს 21,1 კვადრატული კილომეტრი ეკავა. ეს კი საკმარისი უნდა ყოფილიყო 17 000 ადამიანისთვის, ანუ გაცილებით მეტისთვის, ვიდრე 3000 კაცისთვის, როგორც ამას პირველი ევროპელი ვიზიტორები იუწყებოდნენ.
დევისმა და მისმა კოლეგებმა კვლევა ძლიერ მეთოდოლოგიური ყაიდით ჩაატარეს, რამაც საბოლოოდ მხარი დაუჭირა სხვა ინტერპრეტაციას.
კუნძულზე ბაღ-ბოსტნების გასაშენებლად, ადგილობრივები დაბალ მიწებში მიმოფანტავდნენ დიდ ლოდებს, რაც მიწას ქარისმიერი ეროზიისა და ოკეანიდან მარილის შესხურებისგან იცავდა. ლოდებს შორის მიწაზე კუნძულელები მოსავალს თესავდნენ.
ამის გარჩევა ძალიან ძნელია მინდვრის ჩვეულებრივი ლოდებისგან, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აღდგომის კუნძული ისედაც ქვიანია; ამიტომ მკვლევრები ხუთი წლის განმავლობაში გულმოდგინედ სწავლობდნენ ამ ქვიან ბაღებს, ახდენდნენ მათი მახასიათებლების კატალოგიზაციას, მაგალითად, ნიადაგის ტენიანობისა და აზოტის მაღალ დონეს.
ამის შემდეგ, მათ მანქანური დასწავლის ალგორითმი გაწვრთნეს ისე, რომ ეს მონაცემები მოკლეტალღიანი ინფრაწითელი ვიზუალიზაციის ინსტრუმენტის მიერ ჩაწერილ თანამგზავრულ მონაცემებში გამოევლინა.
„ბუნებრივად ყველგან ყრია ლოდები, რომლებიც წარსულში შეცდომით მიაჩნდათ ქვიან ბაღებად. მოკლეტალღოვანმა ვიზუალიზაციამ სხვანაირი სურათი დადო“, — ამბობს დევისი.
შედეგებმა აჩვენა, რომ აღდგომის კუნძულის მხოლოდ 0,76 კვადრატული კილომეტრი ეჭირა ქვიან ბაღებს, რაც დაახლოებით 2000 ადამიანის გამოსაკვებად უნდა ყოფილიყო საკმარისი.
მკვლევართა აზრით, სურსათის სწვა წყაროები, მაგალითად, ზღვის პროდუქტები და სხვა კულტურები, თუნდაც ბანანი, მხოლოდ დაახლოებით 3000 ადამიანისთვის უნდა ყოფილიყო საკმარისი.
ეს მაჩვენებელი ემთხვევა იმ რაოდენობას, რომელსაც 1722 წელს იქ ჩასული ევროპელები იუწყებოდნენ, რაც იმაზე მიუთითებს რომ იმ დროისათვის კუნძულელები ბედნიერად და მდგრადად ცხოვრობდნენ. 1877 წლისთვის, მოსახლეობა ას ადამიანს ძლივს აჭარბებდა.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის შეფასებათა დახვეწას და მიუთითებს, რომ წინა შეფასებათა მაჩვენებლები 5-20-ჯერ მაღალი იყო. ამ აღმოჩენას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მოსახლეობის ზომის შეფასებებზე და ევროპელებთან კონტაქტამდე რაპა-ნუის ხალხის საარსებო სტრატეგიებზე“, — წერენ მკვლევრები.
მკვლევრები გეგმავენ, რომ შემდეგ კვლევებში ამ მონაცემთა საფუძველზე მოახდინონ აღდგომის კუნძულის მოსახლეობის უფრო სრულყოფილი მოდელირება, რაც ახალ ხელსაწყოს მოგვცემს მათი საზოგადოებისა და შემდეგ ამ საზოგადოების განადგურების შესახებ.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.