რა არის ბიოდეგრადირებადი პლასტმასი და რა ხდება გარემოში მისი მოხვედრის შემდეგ
2019 წლის პირველი აპრილიდან, საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. ერთადერთ ალტერნატივად რჩება ბიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკები. საინტერესია, რა რის ბიოდეგრადირებადი პლასტმასი და რა ხდება გარემოში მისი მოხვედრის შემდეგ?
ბიოდეგრადირებადი პლასტმასი არის პლასტმასი, რომელიც გარემოში ბუნებრივად იხრწნება. დაშლას ახდენენ გარემოში არსებული მიკროორგანიზმები, რომლებიც ბიოდეგრადირებადი პლასტმასის სტრუქტურებს ჭამენ. შედეგად, გარემოს გაცილებით ნაკლები ზიანი ადგება, ვიდრე ტრადიციული პლასტმასის შემთხვევაში.
ბიოდეგრადირებადი პლასტმასის გამოყენება შესაძლებელია ბიოპლასმტასებში, რომლებიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პლასტმასია, მაგრამ მზადდება განახლებადი ნედლი მასალებისგან. ჩვეულებრივ, არსებობს ბიოდეგრადირებადი პლასტმასის ორი სახე — ინექციით ჩამოსხმული და მყარი. მყარ ფორმებს როგორც წესი იყენებენ საკვების კონტეინერების, ფოთლების შესაგროვებელი ტომრებისა და წყლის ბოთლების დასამზადებლად.
როგორ მზადდება
ბიოდეგრადირებადი პლასტმასი მთლიანად ბუნებრივი, მცენარეული ნედლეულისგან მზადდება. მათ შორის არის სიმინდის ზეთი, ფორთოხლის ქერქები, სახამებელი და სხვადასხვა მცენარეული ნაწილები. ტრადიციული პლასტმასი დამზადებულია ქიმიური ნივთიერებებისგან, რომლებიც გარემოსათვის განსაკუთრებით საშიშია. ბიოდეგრადირებადი პლასტიკის სახით, თქვენს ხელთაა ბუნებრივი წყაროებისგან დამზადებული ნივთები, რომლებიც არ შეიცავს ქიმიურ შემავსებლებს და არ აზიანებს გარემოს.
ასეთი პლასტმასის წარმოება იწყება ყველა შემადგენელი ნივთიერების გადნობით. ამის შემდეგ, მიღებულ ნაზავს სხვადასხვა ფორმის ყალიბებში ასხამენ, იქნება ეს ბოთლი თუ კონტეინერი.
ჩვეულებრივი პლასტმასი VS ბიოდეგრადირებადი პლასტმასი
დამზადების შემდეგ, ჩვეულებრივი პლასტმასი შეიცავს ნახშირბადს. გარემოში მოხვედრისა და დაშლისას, ანდაც დაწვისას, ნახშირბადი ატმოსფეროში გამოიყოფა. ასე არ ხდება ბიოდეგრადირებადი პლასტმასის შემთხვევაში, რადგან მისი წარმოების პროცესში ნახშირბადი საერთოდ არ გამოიყენება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვეულებრივი პლასტმასის გადამუშავების ან დაწვისას, გარემოში ასევე გამოიყოფა მეთანი და სხვა დამაბინძურებლები. ბიოდეგრადირებადი პლასტიკა ამ მხრივაც სუფთაა.
ბიოდეგრადირებადი პლასტმასის მრავალ დადებით ასპექტს შორის ერთ-ერთი ის არის, რომ მას სრულიად ბუნებრივად შლის ბაქტერია, რაც გარემოსთვის დიდად სასარგებლოა. ასეთი პლასტიკის ერთ-ერთი ნაკლი ალბათ ის არის, რომ მისი წარმოება ჩვეულებრივ პლასტმასთან შედარებით ოდნავ ძვირია.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
ბიოდეგრადირებადი პლასტმასი გარკვეულ ბარიერებს აწყდება. მაგალითად, ისინი იქამდე არ იხრწნება, ვიდრე სათანადოდ არ განვალაგებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა კომპოსტირების მსგავსი პროცესი. ასეთი ბუნებრივი პლასტმასის დაშლის პროცესი უბრალოდ არ დაიწყება, თუკი ისინი ნაგავსაყრელზე სხვა ნარჩენებთან ერთად ყრია.ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ბიოდეგრადირებადი პლასტმასი შეიცავს სათბურის აირებს, რომლებიც მისი კომპოსტირებისას ატმოსფეროში გამოიყოფა. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ეს პლასტმასი ნამდვილად არ შეიცავს გარემოსათვის საშიშ ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, როგორსაც ჩვეულებრივი პლასტმასი.
მიუხედავად ხელისშემშლელი ფაქტორებისა, ბიოდეგრადირებადი პლასტმასის უპირატესობა აშკარაა. მთავარი კითხვა ახლა ის არის, დადგება თუ არა დრო, როცა ის მთლიანად ჩაანაცვლებს ჩვეულებრივ პლასტმასს.