მექსიკის ერთ-ერთ უძველეს, მიყრუებულ მღვიმეში მიმოფანტული მიწა უძველესი, სიცოცხლისუნარიანი დნმ-ის ახალი წყარო აღმოჩნდა.
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა ნიადაგის ნიმუშებიდან აღებული უძველესი დნმ-ის სეკვენირება შეძლეს; ეს კი ზედა პალეოლითის იმ დათვების წყალობით მოხერხდა, რომლებიც ამ მღვიმეს 16 000 წლის წინ ტუალეტად იყენებდნენ.
მეცნიერები ამ კვლევას „გენომიკაში მთვარეზე დაჯდომას“ უწოდებენ, რადგან ეს მიღწევა ნიშნავს იმას, რომ უძველესი დნმ-ის მოპოვების ერთადერთ გზად განმარხებული ნაშთები აღარ რჩება. გარდა ამისა, გვიჩვენებს იმასაც, რომ უძველესი დნმ უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ პოპულაციების და არა მიმოფანტული, ფრაგმენტული პოპულაციების შესასწავლად.
„როდესაც ცხოველი ან ადამიანი შარდავს ან კუჭში გადის, გამოიყოფა ორგანიზმის უჯრედებიც. სწორედ ამ უჯრედების დნმ-ის ფრაგმენტები დავაფიქსირეთ ნიადაგის ნიმუშებში“, — განმარტავს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის გენეტიკოსი ესკე ვილერსლევი.
მისივე განცხადებით, პირველად ისტორიაში, ამ ფრაგმენტებზე დაყრდნობით, სეკვენირების უკიდურესად მძლავრი ტექნოლოგიის გამოყენებით, მათ აღადგინეს გენომები, ანუ გენეტიკური პროფილები. შედეგად აჩვენეს, რომ თმა, შარდი და ფეკალიები გვაწვდის მასალას, რომელიც შესაბამის გარემო პირობებში 10 000 წელიწადზე მეტხანს ძლებს.
ჩიკიუიტის მღვიმე, სადაც ნიმუშები აიღეს, ისტორიული მნიშვნელობით კარგად ცნობილი ძეგლია. აღმოჩენილია 25 000 – 30 000 წლის წინანდელი მრავალი ქვის იარაღი და მათი ფრაგმენტი, მაგრამ როგორც ჩანს, ამ მღვიმეს მხოლოდ ადამიანები როდი იყენებდნენ.
ძვლები და დნმ-ის კვალი ასევე მიუთითებს სხვადასხვა ცხოველის იქ ყოფნაზე, მათ შორის დათვების, ღამურების, მღრღნელების და კენგურუსებრი ვირთხების. ამ ნიმუშების გამოყენებით, ვილერსლევმა და მისმა ჯგუფმა ზედა პალეოლითის დათვების სრული გენომი გაშიფრა და ხელახლა შექმნა.
პირველი ნიმუში იყო თანამედროვე ამერიკული შავი დათვის, იგივე ბარიბალის (Ursus americanus) წინაპარი, რომელიც დღემდე ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკის ტყეებში. მეორე გახლდათ ამჟამად გადაშენებული, გიგანტური მოკლესახიანი დათვი (Arctodus simus), ერთ-ერთი უდიდესი დათვი დედამიწის ისტორიაში, რომელიც ბოლო გამყინვარების ეპოქის დასასრულს, დაახლოებით 11 000 წლის წინ ამოწყდა.
ამის შემდეგ, მკვლევრებმა ეს გენომები სხვა დათვებისას შეადარეს, მათ შორის აშშ-სა და კანადაში დღეს ბინადარი 83 შავი დათვის და სამი გიგანტური მოკლესახიანი დათვის, რომლებიც კანადის იუკონის ტერიტორიაზე 22 000 წლის წინ ბინადრობდნენ (მათ განმარხებულ ნაშთებზე დაყრდნობით).
აღმოჩნდა, რომ ჩიკიუიტის შავი დათვები ახლოს ენათესავებიან ჩრდილოეთ ამერიკის თანამედროვე დათვებს, მაგრამ ჰყავთ საერთო წინაპარი ალასკის შავ დათვებთანაც. მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ჩიკიუიტის დათვები აღმოსავლეთის ხაზს ეკუთვნიან და ეს ხაზი პირველი გამოეყო ამერიკის შავი დათვების სხვა თანამედროვე პოპულაციებს.
გიგანტური მოკლესახიანი დათვების დნმ შეკრეს თანამედროვე დათვისებრთა (Ursidae) ოჯახის რვავე დათვის დნმ-ის გამოყენებით; ასევე გამოიყენეს სამი გადაშენებული დათვისა და იუკონის ტერიტორიის სამი გიგანტური მოკლესახიანი დათვის დნმ.
„ჩრდილოეთ მექსიკის ბინადარი მოკლესახიანი დათვები გამორჩეულად განსხვავდებოდნენ ჩრდილო-დასავლეთ კანადის ბინადარი მოკლესახიანი დათვების პოპულაციისგან“, — ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის გენეტიკოსი მიკელ ვინთერ პედერსენი.
მისივე განცხადებით, ეს ახალი ცოდნის ბრწყინვალე მაგალითია, რომელიც უცბად ჩაგვივარდა ხელში ნიადაგიდან აღებული დნმ-ის გენომების რეკონსტრუქციისას.
გარდა დათვების შესახებ გაკეთებული აღმოჩენებისა, რომლებიც ამერიკაში ამ ცხოველების წინაპრების შესახებ ცოდნაში არსებულ გარკვეულ სიცარიელეებს ავსებს, შედეგები აჩვენებს იმასაც, რომ გარემოში მოპოვებული დნმ-დან ახლა გაცილებით მეტი რამ შეგვიძლია შევიტყოთ, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი.
დანალექებში ნაპოვნი დნმ-ის ფრაგმენტები მხოლოდ იმის საჩვენებლად გამოიყენებოდა, რომ კონკრეტული სახეობები მართლაც ბინადრობდნენ კონკრეტულ დროს. თუმცა ახლა, ჯგუფის მეთოდის გამოყენებით, მეცნიერებს უკვე შეუძლიათ ამ ცხოველების შესახებ გაცილებით მეტი შეიტყონ, მაგალითად, სად თავსდებიან ისინი საკუთარ ოჯახურ ხეზე, როგორ გადაადგილდნენ და დაშორდნენ საკუთარ საერთო წინაპრებს.
„მთელ მსოფლიოში, ყველა, ვინც მეცნიერულად არის ჩართული უძველესი დნმ-ის შესწავლაში, აღიარებს ნიადაგში ან დანალექებში აღმოჩენილი გენომების რეკონსტრუქციის საჭიროებას. ისტორიაში პირველად ამის მიღწევა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წინაშე სრულიად ახალი საზღვარი გაიხსნა“, — ამბობს ვილერსლევი.
მისივე განცხადებით, ნიადაგში მოპოვებული დნმ-ის ანალიზს შეიძლება ჰქონდეს იმის პოტენციალი, რომ გააფართოვოს ნარატივი ბევრი რამის შესახებ — სახეობათა ევოლუციიდან დაწყებული, კლიმატის ცვლილების პერიოდში განვითარებით დამთავრებული, რაც გენომიკისთვის მთვარეზე დაჯდომის ტოლფასია, რადგან ნამარხების საჭიროება უკვე აღარ არის.
კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია joh.cam.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.