ქვილითაია „გენტში" სამ მილიონად გადავიდა - ბელგიურ გუნდში სამი ქართველი ითამაშებს
გიორგი ქვილითაია ბელგიის კლუბ “გენტის” ფეხბურთელია. ეს სიახლე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავად დაადასტურა.
25 წლის თავდამსხმელმა “გენტთან” კონტრაქტის პირობები შეათანხმა და სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, კონტრაქტს კი, დიდი ალბათობით, ოფიციალურად ხელს უახლოეს 2-3 დღეში მოაწერს. გიორგის თქმით, ბელგიური კლუბი მას ოთხწლიანი კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობს
თბილისის “დინამოს” ყოფილი ფორვარდი ბოლოს ავსტრიაში, ვენის “რაპიდში” თამაშობდა – გიორგი მაისში ვარჯიშზე დაშავდა და ტრავმისგან სრულად დღემდე ვერ განიკურნა. ამის მიუხედავად, ავსტრიული კლუბიდან ფეხმოტეხილი ფეხბურთელის ტრანსფერის გამოსასყიდად “გენტი” სამი მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა.
შეგახსენებთ, “გენტში” ორი ქართველი აქამდეც ირიცხებოდა – შემტევი ნახევარმცველები გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ბერიძე.